პრეს-რელიზი

ახალგაზრდებზე ორიენტირებული ვაქცინაციის კამპანია „შენი ქმედება წყვეტს! ‘’

01 ნოემბერი 2021

ახალგაზრდები ხელს შეუწყობენ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების აღმოფხვრას

Caption: Photo:Vladimir Valishvili/UN

COVID-19-ის პანდემია უპრეცედენტო გავლენას ახდენს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე.

ვაქცინაციის პროცესში გარღვევის მიღწევის მიზნით, 1 ნოემბერს, ქ. რუსთავში დაიწყო ახალგაზრდებზე ორიენტირებული ვაქცინაციის კამპანია „შენი ქმედება წყვეტს!“.

ორთვიანი კამპანია შემუშავდა სპეციალურად 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას  ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასა და პანდემიის დაძლევაში.

 

„COVID-19-მა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანები სოლიდარულად მოქმედებენ, რათა საკუთარი ქმედებებით სხვებს საფრთხე არ შეუქმნან, ეს ყველასათვის უდიდესი სარგებლის მომტანია. ამგვარი სულისკვეთება უნდა შენარჩუნდეს საქართველოში სამომავლოდ ჯანსაღი და მდგრადი საზოგადოების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. ,,პანდემიასთან ბრძოლაზე ერთობლივი პასუხისმგებლობის აღებით ჩვენ შევძლებთ წინ წავიწიოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და ყველასათვის უკეთესი მომავალი ავაშენოთ”.

კამპანიის მიზანია მიაწოდოს ახალგაზრდებს ზუსტი ინფორმაცია COVID-19-ისა და ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ და ასევე ახალგაზრდების მოტივირება, იმისათვის, რომ გაავრცელონ ინფორმაცია თავიანთი საცხოვრებელი, სამუშაო და თავშეყრის ადგილებში, რაც გაზრდის ვაქცინაციის დონეს.

„ჩვენ, კანტის აკადემიის დამფუძნებლებს ყოველთვის გვწამდა ახალგაზრდა თაობის ძალა, მათი როლი გლობალურ გამოწვევების დაძლევასა  და არსებითი ცვლილებების მიღწევაში. ახლა, სწორედ ეს დროა, ეს მომენტია, როდესაც ახალგაზრდების სიტყვას და ქმედებას უზარმაზარი ძალა და მნიშვნელობა აქვს პანდემიის დაძლევისთვის“, – განაცხადა კანტის აკადემიის დამფუძნებელმა გიორგი თაქთაქიშვილმა. „ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი ახალგაზრდების  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის. სულ ახლახან, 13 ივნისს, თბილისში სტიქიის დროს, ჩვენ ვნახეთ ერთიანი, ძლიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოქმედებდა თანატოლებისა და ქვეყნისთვის. ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ, დღესაც, ახალგაზრდების ქმედება გადამწყვეტია.“  

"გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია, მას ცალკე ჭრილში ვერ განვიხილავთ. იმისთვის, რომ უფრო ჯანმრთელ გარემოში ვიცხოვროთ, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ რიგი ფაქტები, გავაანალიზოთ არსებული რეალობა, გამოწვევები და თუგინდ ის შესაძლებლობებიც, რაც პანდემიამ მოგვცა. ამას მოსდევს ქმედების ფაზა, როცა ჩვენი გონი და ხედვა ქმედებით უნდა გამოვხატოთ. აცრა, გარშემომყოფების დახმარება და მათი ცნობიერების ამაღლება, ახალი უნარების ათვისება და შემეცნება, ეს ყველაფერი ქმედების გამოხატულებაა. დავსვათ ბევრი ,,რატომ?" და მჯერა, აუცილებლად თავადვე მივალთ თითოეული ჩვენგანი იმ დასკვნამდე, რომ ,#ჩემიქმედებაწყვეტს."

მთელი კამპანიის განმავლობაში, იქნება ეს უნივერსიტეტი, სოციალური მედია თუ საკლასო ოთახი, ახალგაზრდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მიიღებენ ვაქცინირების შესახებ სანდო და კვალიფიციურ ინფორმაციას. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს ვაქცინაციას და დაიცავს ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად დავაღწევთ თავს პანდემიას და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

კამპანია ორგანიზებულია კანტის აკადემიისა და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ.

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით