საკრებულოს წევრი ქალები მხარს უჭერენ თანასწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას
25 იანვარი 2022
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმზე გაიმართა მსჯელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მეტი ჩართულობის შესახებ
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა თითქმის გაორმაგდა და 24 პროცენტს მიაღწია. 24 იანვარს, ადგილობრივი თვითმმართველობის ახლადარჩეული წევრი ქალები ყოველწლიურ ფორუმზე შეიკრიბნენ, რომელიც წელს 490-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.
საკრებულოს წევრმა ქალებმა ის კონკრეტულ ნაბიჯები განიხილეს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავებას. მათ ასევე იმსჯელეს ადგილობრივი პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის გზებზე და საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსა და მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერულ საბჭოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი ჩატარდა საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან შვედეთის მთავრობა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).
„ქალთა ჩართულობის შედეგად, პოლიტიკური პროცესი მრავალფეროვნებასა და განსხვავებულ პერსპექტივას იძენს, რაც მნიშვნელოვანად აისახება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, სოციალური სერვისები, დასაქმება და გარემოს დაცვა. ვიმედოვნებთ, რომ ახლად არჩეული საკრებულოს წევრი ქალები ამ საკითხებს დღის წესრიგში დააყენებენ და ქართული საზოგადოება მათი მუშაობის სასიკეთო შედეგებს იგრძნობს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.
„2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია მომავალ არჩევნებზეც შენარჩუნდება. ქალების პოზიციისა და პერსპექტივის საჯარო დებატში თანაბრად გათვალისწინება პრინციპული საკითხია. პოლიტიკოს ქალებს ისეთივე გავლენა უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, როგორც მათ პოლიტიკოს კაცებს. ბოლო ოცი წლის მანძილზე, შვედეთი მხარს უჭერდა საქართველოში ქალთა გაძლიერებას, მათ შორის პოლიტიკაში. გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა ძლიერ დემოკრატიასა და უფრო ეფექტიან პოლიტიკას განსაზღვრავს. ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და სწორედ ამას ითხოვს ქართველი ამომრჩეველი“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა.
ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოში საერთაშორის რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ჯონ დიპირომ.
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი 2013 წელს შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შეიქმნა. მისი მიზანია თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა. ფორუმის მიზნები და საქმიანობა ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ეს მონაცემები შესულია UNDP-ის კვლევაში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა.