პრეს-რელიზი

ახალი კერძო-საჯარო შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების დასაძლევად

09 თებერვალი 2023

შვეიცარია და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში პარიზის კლიმატური შეთანხმების 6.2 მუხლის ამოქმედებას

 

საქართველოს მთავრობის, კლიმატის ფინანსირების სამუშაო ჯგუფის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო ორდღიან ტრენინგს პარიზის კლიმატური შეთანხმების 6.2 მუხლის შესახებ, რომელიც 8-9 თებერვალს თბილისში გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით.

ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენებით კერძო კომპანიები შეძლებენ პლანეტისა და ადამინებისთვის საკეთილდღეო და ამავდროულად მომგებიანი ბიზნესის წარმოებას.

პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო უპირობო ვალდებულება 2030 წლისთვის, 35 პროცენტით (დაახლოებით 16 პროცენტი ერთ სულ მოსახლეზე) შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით. შეთანხმების მე-6 მუხლი განსაზღვრავს ამ ვალდებულების შესრულების პრაქტიკულ გზას, რომელიც დამატებით პერსპექტივებს შექმნის კლიმატგონივრული და გარემოსადმი მეგობრული ბიზნესის განვითარებისთვის.

„ეს კარგი შესაძლებლობაა მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის, განავითარონ ახალი ბიზნესი, რომლებიც ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობას მოემსახურება და ამავდროულად მოგებას მიიღებს. ემისიების შემცირების დადასტურების შემთხვევაში, ასეთი საწარმო შეძლებს 25 პროცენტამდე თავდაპირველი ინვესტიციის დაბრუნებას სუბსიდიის სახით“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

“ნახშირბადით ვაჭრობით სისტემების განვითარება ახალი და პერსპექტიული მიმართულებაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში. ნახშირბადის მსოფლიო ბაზარზე წვდომა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ბიზნესის განვითარებისა დაბალემისიიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის და ხელს შეუწყობს საქართველოს ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას კლიმატის ცვლილების შერბილების მხრივ“, - აღნიშნა მაია ცხვარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა.

ამ ბაზარზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებისას, კერძო ან სახელმწიფო კომპანიამ პირველ რიგში უნდა გამოავლინოს და ინვესტირება მოახდინოს ისეთ საბაზრო შესაძლებლობებში, რომელთა შედეგად მიღებული პროდუქტი ან მომსახურება ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად, მზის ელექტროსადგურის აშენება, ელექტროტრანსპორტის სერვისის შექმნა, ან ძველი შენობების ენერგოეფექტური განახლება. მას შემდეგ, რაც ემისიების შემცირება დოკუმენტურად დადასტურდება, საწარმო შეძლებს თავდაპირველი ინვესტირებული კაპიტალის 25 პროცენტამდე დაბრუნებას სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ნახშირბადით ვაჭრობის სისტემების განვითარებისთვის შეიქმნა. შვეიცარიის ფედერალურმა გარემოს დაცვის ოფისმა და შვეიცარიის ნახშირბადის შესყიდვის პროგრამამ 120 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ამ მექანიზმის გლობალურ დონეზე  ამოქმედებისთვის.

საქართველოში, ნახშირბადით ვაჭრობით დაინტერესებული კომპანიები უნდა დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული კლიმატის ცვლილების საბჭოს სამდივნოს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: ClimateChange@mepa.gov.ge

Irine Sulava

ირა სულავა

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციების სპეციალისტი
Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით