გენერალური მდივნის ვიდეომიმართვა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
03 მაისი 2023
2023 წლის 3 მაისი
,,სამი ათწლეულის განმავლობაში, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების მუშაობას.
ეს დღე ხაზს უსვამს მარტივ ჭეშმარიტებას: მთელი ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე.
პრესის თავისუფლება დემოკრატიისა და სამართლიანობის საფუძველია. იგი უზრუნველყოფს ფაქტებს, რომლებიც გვჭირდება აზრის ფორმირებისთვის და ხელისუფლებისთვის სიმართლის სათქმელად. და როგორც წლევანდელი თემა გვახსენებს, პრესის თავისუფლების გარეშე ადამიანის უფლებები ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
მაგრამ მსოფლიოს ყველა კუთხეში პრესის თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა.
სიმართლეს ემუქრება დეზინფორმაცია და სიძულვილის ენა, რომელიც ცდილობს წაშალოს ზღვარი ფაქტსა და ფიქციას, მეცნიერებასა და შეთქმულების თეორიას შორის.
მედიაინდუსტრიის მზარდი კონცენტრაცია საზოგადოების მცირე ნაწილის ხელში, მრავალი დამოუკიდებელი საინფორმაციო ორგანიზაციის ფინანსური კოლაფსი და ისეთი ეროვნული კანონებისა და რეგულაციების გაძლიერება, რომლებიც მიმართულია ჟურნალისტების ჩახშობაზე, კიდევ უფრო აფართოებს ცენზურის მოქმედებას და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.
იმავდროულად, ჟურნალისტები და მედიამუშაკები, თავიანთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისას, პირდაპირ სამიზნედ არიან ქცეული როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში. მათ რეგულარულად ავიწროებენ, აშინებენ, აკავებენ და აპატიმრებენ.
2022 წელს სულ მცირე 67 ჟურნალისტი და მედიამუშაკი დაიღუპა, რაც წარმოუდგენელი 50%-იანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ქალი ჟურნალისტების თითქმის სამი მეოთხედი განიცდიდა ძალადობას ონლაინ რეჟიმში, და მათგან ყოველ მეოთხეს ფიზიკურად ემუქრებოდნენ.
ათი წლის წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ჟურნალისტთა უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, იმისათვის, რომ დაიცვას მედიამუშაკები და დაასრულოს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა.
ამ და პრესის თავისუფლების ყოველ საერთაშორისო დღეს, მსოფლიომ ერთ ხმაში უნდა ისაუბროს. შეაჩერეთ მუქარა და თავდასხმა. შეწყვიტეთ ჟურნალისტების დაკავება და დაპატიმრება, მათი საქმის კეთების გამო. შეწყვიტეთ ტყუილი და დეზინფორმაცია. შეწყვიტეთ მათი დევნა, ვინც სიმართლეს ამბობს.
როდესაც ჟურნალისტები იცავენ სიმართლეს, მსოფლიო მხარს უჭერს მათ”.