პრეს-რელიზი

გაეროს განცხადება გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

11 ოქტომბერი 2023

თბილისი, საქართველო. 2023 წ. 11 ოქტომბერი.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში დღეს გოგოების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ხაზგასმით აცხადებს, რომ საჭიროა, ყურადღება და რესურსები იმ საკვანძო სფეროებისკენ იყოს მიმართული, რომლებიც დაეხმარება გოგოებს მათი უფლებებისა და სრული პოტენციალის რეალიზებაში.  

გაერო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას ტრაგიკული დაღუპვის გამო და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დანაშაული დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიონ, ხოლო დამნაშავე გასამართლდეს.

გენდერული ძალადობის ეს ტრაგიკული შემთხვევა არის გენდერული უთანასწორობის, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სექსუალური ძალადობის მავნე პრაქტიკის გავრცელების შედეგი. შემთხვევამ დაგვანახა, რომ ბავშვთა დაცვის სახელმწიფო რეფერირების პროცედურებში ჩართული მხარეების მხრიდან საჭიროა მეტი ძალისხმევა ძალადობის აღკვეთის,  გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მხრივ. უწყებებმა, რომელთა მოვალეობაა ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვა და მხარდაჭერა, პროაქტიული ზომები უნდა მიიღონ საქართველოში ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, მსხვერპლი ბავშვებისთვის საჭირო დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

ითვალისწინებს რა ბავშვთა/ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მრავალსექტორული რეაგირების მნიშვნელობას, გაერო საქართველოში მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას კოორდინირებული ქმედებებისკენ, რომლებიც მიმართულია ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების, მართლწესრიგის დაცვის პრაქტიკის, ბავშვებზე მორგებული სასამართლო პროცესისა და მოზარდებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისკენ.  უაღრესად მნიშვნელოვანია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის არსებობდეს ინტეგრირებული სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პროცესს და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ერთ სივრცეში. ასეთი სერვისები ქვეყნის ყველა რეგიონში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მათზე ორიენტირებულ შეტყობინების მექანიზმებზე, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართონ.

უნდა შეიცვალოს ისეთი სოციალური ნორმები და მიდგომები, რომელიც უშვებს ბავშვთა ქორწინებას და სექსუალურ ძალადობას ქალებისა და გოგოების მიმართ და აფერხებს შესაბამის პასუხისმგებელ პირებსა თუ უწყებებს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებაში.  

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი გოგოებისთვის განათლების, ინფორმაციასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მომავალში და იცავს მათი სხეულის ავტონომიის უფლებას და არჩევანის თავისუფლებას. მოზარდი გოგოების გაძლიერება ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკის შეწყვეტისკენ და ყველასთვის სამართლიანი და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. განათლებასა და ჯანდაცვაზე თანაბარი წვდომა გოგონებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება და შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოების ცხოვრებაში.

გაერო საქართველოში მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და უფლებადამცველებთან იმ სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ასეთი ტრაგედიების ძირითადი მიზეზია. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ქალებისა და გოგოების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მათ აღჭურვას საჭირო ცოდნითა და უნარებით და გაძლიერებას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით