გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული თავშესაფარი გაფართოვდა
27 ოქტომბერი 2023
ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს თბილისში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული თავშესაფრის გაფართოება.
საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის გაზრდასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური მსხვერპლებისთვის საჭირო სერვისების დახვეწა და თავშესაფრების ქსელის გაფართოებაა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვალდებულება ქვეყანას სტამბოლის კონვენციის რატიფიცრებითაც აქვს აღებული და გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამისი ვალდებულების შესრულების პროცესში საქართველოს მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს.
ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს თბილისში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული თავშესაფრის გაფართოება. ახალი სივრცე თბილისში 27 ოქტომბერს გაიხსნა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. იგი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს მოემსახურება.
გახსნის ღონისძებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი დაესწრნენ.
„ჩვენ - ზრუნვის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო გავაგრძელებთ მუშობას ერთად, რათა უფრო მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის, რომ ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდნენ და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.
თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილები არიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებითა და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით. თავშესაფრის ახალი სივრცე 15 ადამიანზეა გათვლილი.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლთა/ძალადობას გადარჩენილთა სერვისების შექმნის მიმართულებით სახელმწიფო ფონდთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. საგულისხმოა, რომ 7 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სააგენტოს მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებს, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით გაიხსნა და ამჟამად სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება.
თბილისის თავშესაფარის ახალი სივრცე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში ამოქმედდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.