საქართველომ მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა
22 ოქტომბერი 2023
2-დღიან გამოფენაზე 160-მდე მონაწილეს მთელი ქვეყნიდან საშუალება ჰქონდა, დამთვალიერებლისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა და ადგილზევე გაეყიდა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველომ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას თბილისში წელს უკვე მეორედ უმასპინძლა. 21-22 ოქტომბერს 160 მეწარმე ქალს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან საშუალება ჰქონდა, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სტუმრებისთვის საკუთარი ნაწარმი წარედგინა, ადგილზევე გაეყიდა და მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები დაემყარებინა.
ღონისძიების გახსნას დაესწრნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში ალკის დრაკინოსი, სტუმრები კერძო სექტორიდან ბიზნესგაერთიანებებიდან და მედიიდან.
„მჯერა, ფართომასშტაბიანი გამოფენა-გაყიდვა საქართველოში მეწარმე ქალებს უფრო მეტ ცნობადობასა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს მისცემს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ. ალკის დრაკინოსმა კი ყურადღება ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაზე გაამახვილა: „მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორე წელია, პარტნიორებთან ერთად, საშუალება გვაქვს, მხარი დავუჭიროთ მეწარმე ქალების არაჩვეულებრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას. დონორებთან ერთად, ვაგრძელებთ ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობას, იქნება ეს სესხები მათი ბიზნესებისთვის, თუ კონსულტაციები“, - აღნიშნა მან.
გამოფენა-გაყიდვის მიზანს საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ღონისძიება არაერთ მონაწილეს საინტერესო ბიზნესკავშირებისა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებაში უკვე დაეხმარა.
„გამოფენა ძალიან დიდი შესაძლებლობაა. გავიცანი უამრავი მეწარმე ქალი და ის ადამიანი, ვინც ჩემი საქმიანობით დაინტერესდა. ვფიქრობ, ეს ბიზნესისთვის ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, უნა ქუთათელაძემ, რომელიც „მოუარეს“ ბრენდით შინაური ცხოველების მოვლისთვის მცენარეულ საშუალებებს აწარმოებს.
საგულისხმოა, რომ წელს პირველად საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იყო გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული. “მეტი ასეთი ღონისძიების გამართვა ძალიან დაგვეხმარება. ზოგადი და კომპლექსური გამოფენები ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა“, - აღნიშნა თამარ ბოსიკაშვილმა, რომელიც ტექნოლოგიური სტარტაპის, Aisitec-ის თანადამფუძნებელია.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, დამთვალიერებლებს სხვა აქტივობებიც ელოდათ: ორი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიაში“ მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი კუთხე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები ზრუნავდნენ.
ღონისძიების მხარდამჭერები და ორგანიზატორები იყვნენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.
გამოფენა-გაყიდვა რეგიონული ექსპოს ნაწილს წარმოადგენდა და ის საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში - თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ბოსნიაში, ალბანეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ჩატარდა. ღონისძიება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილი იყო, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.