გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით
03 მაისი 2024
2024 წლის 3 მაისი
ეკოლოგიის თვალსაზრისით, მსოფლიო უპრეცედენტოდ საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის დღევანდელ და მომავალ თაობებს.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ - და ჟურნალისტებსა და მედიამუშაკებს უმთავრესი როლი აქვთ მათ ინფორმირებასა და განათლებაში.
მედიასაშუალებებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე შეუძლიათ გააშუქონ სიუჟეტები კლიმატის კრიზისის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და გარემოსდაცვითი უსამართლობის შესახებ.
ადამიანები თავიანთი საქმიანობის შედეგად აცნობიერებენ ჩვენი პლანეტის გასაჭირს, ისინი მობილიზდებიან და ზომებს იღებენ მდგომარეობის შესაცვლელად.
მედიამუშაკები ასევე დოკუმენტურად ადასტურებენ გარემოს დეგრადირების პროცესს და უზრუნველყოფენ ეკოლოგიური ვანდალიზმის მტკიცებულებებს, რომლებიც ეხმარება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას.
გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ძლევამოსილი ადამიანი, კომპანია და ინსტიტუცია ყველაფერზეა წამსვლელი, იმისათვის, რომ ხელი შეუშლოს გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს თავიანთი საქმის კეთებაში.
მედიის თავისუფლება წნეხის ქვეშაა, გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა კი სულ უფრო საშიშ პროფესიად იქცევა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ათობით ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც აშუქებდნენ წიაღისეულის უკანონო მოპოვების, ხეების გაჩეხვის, ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებს.
შემთხვევათა უმეტესობაში, პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
იუნესკოს მონაცემებით, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, დაახლოებით 750 თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებსა და საინფორმაციო საშუალებებზე, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებს აშუქებდნენ. და ამგვარი თავდასხმების სიხშირე მატულობს.
სამართლებრივ პროცესებს ასევე არასწორად იყენებენ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების ცენზურის, გაჩუმების, დაკავებისა და შევიწროებისთვის, ხოლო კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის ახალი ერა მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს გამართლებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით.
მაგრამ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები ერთადერთი არ არიან მათ შორის, ვინც რისკის ქვეშ იმყოფება.
მთელ მსოფლიოში ჟურნალისტები და მედიამუშაკები თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, დაწყებული ომებიდან, დამთავრებული დემოკრატიით.
მთელ მსოფლიოში ჟურნალისტები და მედიამუშაკები თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, დაწყებული ომებიდან, დამთავრებული დემოკრატიით.
შოკირებული და შეძრწუნებული ვარ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპული ჟურნალისტების დიდი რაოდენობით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აფასებს საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის შენარჩუნებაში ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს.
ფაქტების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ვებრძოლოთ არასწორ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას. ანგარიშვალდებულების გარეშე, ჩვენ არ გვექნება ძლიერი პოლიტიკა.
პრესის თავისუფლების გარეშე ჩვენ არანაირი თავისუფლება არ გვექნება.
თავისუფალი პრესა არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მთავრობებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ რომ გვაქვს ვალდებულება, მთელ მსოფლიოში დავიცვათ პრესის თავისუფლება და ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების უფლებები.