პრეს-რელიზი

ციფრული ინოვაცია ახალ შესაძლებლობებს ქმნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისთვის

24 ოქტომბერი 2024

თემატური პანელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეს – ყურადღების ცენტრში „მომავლის სამიტი“ 

დღეს, ტექნოლოგიის განვითარების სფეროს წარმომადგენლებმა და საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემაში ჩართულმა ახალგაზრდა ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ინსპირაციულ დისკუსიაში, რომელიც მდგრადი განვითარებისთვის ინოვაციურ მიდგომებს შეეხებოდა საქართველოში.

თემატური პანელი  „ციფრული ინოვაციები მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“, რომელიც საქართველოში გაეროს დღის აღსანიშნავად მოეწყო, 2024 წლის სექტემბერში გამართულ „მომავლის სამიტს“ ეხმიანებოდა.

ღონისძიება გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ბ-ნმა დიდიე ტღებიუკმა გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია „მომავლის სამიტი“ და მის შედეგად მიღებული დოკუმენტები - „მომავლის პაქტი“ და „გლობალური ციფრული შეთანხმება“ - ციფრული უთანაბრობის აღმოფხვრისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევისთვის ყველა ადამიანის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ბატონმა ტღებიუკმა ხაზი გაუსვა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში ახალგაზრდების      გაძლიერების მნიშვნელოვნებას.

 „ციფრული ინოვაცია მხოლოდ ადამიანების ინტერნეტთან დაკავშირება როდია! ეს გულისხმობს მთელი საზოგადოების ციფრულ სისტემაზე გადასვლას. ეს არის ადამიანებისთვის ინსტრუმენტების მიცემა, რათა მიიღონ მონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში, ჰქონდეთ წვდომა განათლებაზე და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი", - აღნიშნა ბატონმა დიდიე ტღებიუკმა, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში. „ჩვენი მიზანი ნათელია: უზრუნველვყოთ, რომ ყველას, განურჩევლად სქესის, ადგილმდებარეობისა თუ წარმომავლობისა, ჰქონდეს წვდომა და ისარგებლოს ციფრული ინოვაციებით“, - დასძინა მან. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბატონმა მაიკლ ქაუგილმა, მისასალმებელ სიტყვაში ასევე 

ხაზგასმით აღნიშნა ახალგაზრდების გაძლიერების მნიშვნელობა.

„როგორც ახალგაზრდები, თქვენ იმყოფებით ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრში. ციფრული ინოვაცია გახლავთ შესაძლებლობა, გავაუმჯობესოთ სხვა ადამიანების ცხოვრება“, - განაცხადა ბატონმა ქაუგილმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ და მზარდ ტექნოლოგიებს ბიზნესში, ასევე, ციფრული წიგნიერებისა და უნარების განვითარებას, სტარტაპ შესაძლებლობების გაძლიერებას და ქალთა მეინსტრიმინგს ტექნოლოგიური ინდუსტრიის დარგებში, რომლებიც ეფუძნება სხვადასხვა ტექნოლოგიას.

პანელში მოწვეული იყვნენ მოტივირებული მომხსენებლები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროდან. მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს აუდიტორიაში დამსწრეთ, ხაზი გაუსვეს გამოწვევებს, რომელთაც თავად წააწყდნენ და ყურადღება გაამახვილეს, რაოდენ დიდი პოტენტიალი აქვს ტექნოლოგიებს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და მდგრადი ზრდის ხელშეწყობისთვის.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მარეხი გვარამაძე, კანტის აკადემიის თანადამფუძნებელი; ნატა ბაჯიაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლის დეკანი; ნინუცა ნანიტაშვილი, „გუგლი სტარტაფების აქსელერატორისთვის“ პროგრამის მენეჯერი; მარიამ გაგუა, „სლიქ“ - პროდუქტის განვითარების და UI/UX სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი; ირაკლი ჩიქავა, „თელაგრის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; მედეა ჯანჯღავა, „ფიუჩერ ლაბორატორის“ მმართველი დირექტორი და სალომე ღუდუშაური, „ტერა ლიზინგის“ და Bizon.ge-ს თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და კანტის აკადემიასთან თანამშრომლობით.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

RCO
United Nations Resident Coordinator Office

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით