პრეს-რელიზი

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა

17 აპრილი 2020

UNDP ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას პანდემიის პირობებში

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს COVID-19-ის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის გავრცელებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შორის.

“სწორ ინფორმაციაზე დროულ წვდომას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა. „COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირველივე დღეებიდან საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან და თემის წარმომადგენლებთან, რათა საინფორმაციო რესურსები სრულად მისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.“

„პანდემიას ვერ გავუმკლავდებით, თუ ვინმეს მხარდაჭერის მიღმა დავტოვებთ“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაკუთრებული რისკის ჯგუფია, მაგრამ მათ ხშირად ხელი არ მიუწვდებათ იმ რესურსებსა და ინფორმაციაზე, რომელიც საკუთარი თავის დასაცავად სჭირდებათ. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მათი უფლებების დაცვას“.   

UNDP-იმ ხელი შეუწყო კორონავირუსის შესახებ ეროვნული საინფორმაციო კამპანიის მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ოთხი საინფორმაციო ვიდეო-რგოლი ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის გზების შესახებ ითარგმნა სხვადასხვა ჟესტურ ენაზე სმენის შეზღუდვის მქონე ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მოსახლეობისთვის. ამავე მიზნით ვიდეო-რგოლებს დაემატა სუბტიტრები სხვადასხვა ენაზე.

ფსიქო-სოციალური საჭიროებისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა ინფორმირებისთვის დაიბეჭდება 10,000 მარტივად წასაკითხი ბუკლეტი, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 20 რეზიდენტულ დაწესებულებაში გავრცელდება. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებასთან და გლობალური ინციატივა ფსიქიატრიაში თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, UNDP ხელს უწყობს რეზიდენტულ და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის მართვის პროტოკოლებისა და ამ ინსტიტუციების პერსონალის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას COVID-19 პანდემიის დროს.

საქართველოში 125,000 პირი, მოსახლეობის 3.3 პროცენტი, რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. ეს მონაცემი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია, რადგან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს. საქართველოს მიერ ინკლუზიური საზოგადოებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ მოწყვლადი ჯგუფია, რომელიც უამრავ დაბრკოლებას აწყდება ცხოვრების ყველა სფეროში.  

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ათ წელზე მეტია ეხმარება საქართველოს, სრულყოფილად დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და წარმატებას მიაღწიოს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის გზაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებში UNDP აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ევროკავშირთან, შვედეთის მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან.

2020 წლის იანვრიდან გაეროს ხუთ სააგენტოსთან ერთად UNDP ჩაერთო ფართომასშტაბიან პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს ამ პროგრამის საქმიანობის ადაპტირება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითრებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით.

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი
Tinatin Kandelaki

თინათინ კანდელაკი

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით