პრეს-რელიზი

ქალები საჯარო სამსახურში კარიერულ გზაზე გენდერულ ბარიერებს აწყდებიან

10 მარტი 2020

UNDP-ის კვლევის თანახმად, ქართულ საჯარო სექტორში უხილავი და ფესვგადგმული გენდერული იერარქია არსებობს, რომელიც მუდმივად კაცებს ანიჭებს უპირატესობას

1000-ზე მეტმა საჯარო მოხელემ მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომელიც, საჯარო სექტორში, გენდერული თანასწორობის კუთხით, სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლას და პროფესიულ განვითარებას ასახავს. როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, საჯარო მოხელეების 86% მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში კაცებს მეტი ძალაუფლება აქვთ, ხოლო 69% ფიქრობს, რომ სამსახურებრივი საქმიანობისას, კაცები უფრო დაფასებულები არიან.

კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. ანგარიშის წარდგენა მიმდინარე გენდერული თანასწორობის კვირეულს ეხმიანება.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ; ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა; საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულიმ; და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.   

“ანგარიშის კითხვისას, განსაკუთრებით ერთმა სიტყვამ გამაკვირვა: „უხილავი“, - აღნიშნა საქართველოში  UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ეს სიტყვა მთელს ანგარიშში მეორდება: უხილავი ბარიერები, უხილავი იერარქია და უხილავი პრაქტიკა - ის, რაც  ქალებს უხილავს ხდის. უფრო სწორად, ისინი მხოლოდ ქალებისთვის ტრადიციულად მიჩენილ როლში გვევლინებიან, რაც მორჩილებასა და კრიტიკის მიმართ შეგუებას გულისხმობს და, შედეგად, ქალები, კაცებთან შედარებით, კარიერულ წინსვლას ნაკლებად აღწევენ.“

კვლევის შედეგების მიხედვით, ქალი და კაცი საჯარო მოხელის კარიერული გზა განსხვავებულია, რაც ქართულ საჯარო სექტორში ფესვგადგმული გენდერული უთანასწორობის სახით ვლინდება. სხვა შედეგებს შორის, კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო მოხელეების 66%-ის აზრით, თანაბარი პროფესიული კვალიფიკაციის პირობებში, კაცები ქალებზე უფრო ხილვადები არიან. ქალი საჯარო მოხელეები ასევე თვლიან, რომ უფროსები მათ მეტად საყვედურობენ და ნაკლებად სცემენ პატივს, ვიდრე კაცებს.

“როგორც აღნიშნეს მკვლევარებმა, საქმე გვაქვს ღრმად გამჯდარ, სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან. საქართველოში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის მიზანია გენდერული თანასწორობის დამკვიდრება საჯარო სექტორში და მენეჯერულ პოზიციებზე მეტი ქალის დასაქმების წახალისება,“ თქვა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ.

“კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო სამსახურში კარიერული წარმატებისთვის ქალებს უფრო მეტი ძალისხმევის გაღება უწევთ“, აღნიშნა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა. “თუმცა, საჯარო სამსახურის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, მაღალი რანგის საჯარო მოხელეების 36%, მათ შორის გადამწყვეტ პოზიციებზე, ასევე მინისტრების 45% ქალია. ეს ერთისმხრივ ხაზს უსვამს სექტორში დასაქმებული ქალების მაღალ კვალიფიკაციას, მეორესმხრივ კი ცხადყოფს მთავრობის მისწრაფებას საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის დამკვირდებისაკენ.“

კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების, როგორც ჩაღრმავებულ გამოკითხვას, ისე ფოკუს ჯგუფებთან მუშაობას, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შესაბამის უწყებებს უთანასწორობის სისტემური და კულტურული წინაპირობების გამოვლენასა და სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის დანერგვას უზრუნველყოფს.

 

Irine Sulava

ირა სულავა

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციების სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით