პრეს-რელიზი

მშვიდობა, სამართალი და ძლიერი ინსტიტუტები საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში

31 ოქტომბერი 2017

მსოფლიოს 20 ქვეყნის 120 წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ მიზანია მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები) განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.

 

სამდღიანი ფორუმის მსვლელობაში მონაწილეები იმსჯელებენ საუკეთესო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევის საქმეში და  მსოფლიოს ქვეყნების წარმატებებსა და გამოწვევებზე კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, კონფლიქტების მოგვარებისა და სახელმწიფო სერვისებში ინოვაციის დანერგვის საკითხებში.

 

„საქართველოსათვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობა. ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა გადაიქცა ჰუმანიტარული დახმარების მიმღები სახელმწიფოდან, სადაც კორუფციის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონის ლიდერად მმართველობაში, სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და ინოვაციებში. მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგი შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს მიღწევები, ჩვენი წარმატება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ და ერთმანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით მეტს მივაღწიოთ“, -

განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა - მიხეილ ჯანელიძემ, ფორუმის გახსნაზე.

გაეროს ელჩმა საქართველოში - ნილს სკოტმა, ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა მსოფლიოს სახელმწიფოებს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად იზრდება მთავრობის შესაძლებლობები, ეფექტურად ემსახუროს თავის ხალხს და სამოქალაქო ჩართულობა უზრუნველყოს,“ - თქვა მან.

ფორუმის მუშაობის სამი დღის მანძილზე გაიმართება ექვსი პლენარული სესია, რომელიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითად საკითხებს - მშვიდობას, სამართალსა და ძლიერ ინსტიტუტებს დაეთმობა. მსჯელობა ასევე შეეხება ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეროვნული განვითარების საკითხებში. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის, გამოცდილებას და იმსჯელებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობაზე ღია მმართველობის პრინციპებთან.

 

ფორუმის მონაწილეები ასევე მოინახულებენ თბილისის იუსტიციის სახლა და საქართველოს საბაჟოს, შეხვდებიან საქართველოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის მთავრობა, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტო, Tetra Tech ARD, და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი პარტნიორები - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და საქართველოს გაეროს ასოციაცია. ფორუმი 16+ ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ინიციატორია გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (WFUNA).

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით