„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა ბავშვობიდან დაიწყეს. უფრო მეტიც: წლების წინ ეს ფუნთუშები მათთვის შემოსავლის პირველ წყაროდ იქცა.
1992 წელს, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ნონა და ნანა, რომლებიც მაშინ 11 და 9 წლისანი იყვნენ, იძულებულები გახდნენ მშობლიური სახლი დაეტოვებინათ და ოჩამჩირის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში წამოსულიყვნენ. თავი მათ ბიძაშვილის, ინგა ჩოკორაიას სახლს შეაფარეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილი კიდევ ბევრი ნათესავი ცხოვრობდა. ფინანსურად უჭირდათ, ამიტომ ინგამ, რომელიც იმ დროს უკვე სკოლას ამთავრდებდა, ნონასთან და ნანასთან ერთად შემოსავლის წყაროს მოძებნა დაიწყო. ასე გაჩნდა „ალადების“ გამოცხობისა და გაყიდვის იდეა.
„მართალია, პატარები ვიყავით, მაგრამ, სიდუხჭირის გამო, ჩვენი საქმე წამოვიწყეთ. პირველად ბაზრობაზე წავიღეთ, ნაცნობებთან.. ვაბარებდით ისე, რომ არავის დაენახა, გვერიდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამომცხვარი ყველას ძალიან მოეწონა. სახელი მალე გავითქვით და „ალადებს“ ბულკები და ქადები დავუმატეთ. კლიენტები მაღაზიებშიც გამოგვიჩნდა. მერე დრო გავიდა, ჩვენც სხვა საქმიანობით დავკავდით, მაგრამ როცა გვჭირდებოდა, ფუნთუშეულს ისევ ვაცხობდით და ნაცნობ კლიენტებს ვაბარებდით“,- იხსენებს ნონა კვიტია.
ახლა ნონა და ნანა კვიტიები ინგირში, ერთმანეთის მეზობლად, ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობენ. ზოგადად, აფხაზეთიდან ყველაზე მეტი დევნილი - 2000-მდე ოჯახი სწორედ ინგირშია თავმოყრილი. ისინი თავს ძირითადად სეზონური სამუშაოებით - თხილის ქარხანაში მუშაობით, ციტრუსის მოკრეფით, სიმინდის მოტეხვითა და ვაჭრობით ირჩენენ. ნონა და ნანა თავად არჩენენ შვილებს და ამჟამად სამივე ქალი ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას: მათ საცხობი უნდა გახსნან და წლების წინ დაწყებული საქმიანობა მომგებიან ბიზნესად აქციონ.
ინგამ შეიტყო, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, პროექტს „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ახორციელებენ. პროექტი საარსებო წყაროებზე სამართლიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, საქართველოში ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების, საარსებო წყაროების მდგრადი განვითარების ხელშეწყობას საზოგადოების განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სიღარიბის შემცირება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის, საქართველოს ეროვნული განვითრების პრიორიტეტებისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ძირითადი მიმართულებებია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, იძულებით გადაადგილებული პირების IV პროგრამის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თუ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასა და მათ მასპინძელ თემებს ეხმარება, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, ყველაზე მეტად მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირების გენდერულად სენსიტიური სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ერთობლივი მოქმედება დაიწყეს. ინიციატივის ფარგლებში, 2016 წლის თებერვლიდან დღემდე სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში 2000-ზე მეტი დევნილი ჩაერთო, 3600-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა კი უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე მინიმუმ 700 დევნილ ოჯახს საარსებო წყაროების უზრუნველმყოფი პროექტების თანაინვესტირების შესაძლებლობა მიეცემა.
ინგას, ნონასა და ნანას პროექტის იდეა რეალობად იქცევა. ქალებმა გადაწყვიტეს, რომ საცხობს ინგას სახლში მოაწყობენ და საცხობ აღჭურვილობას თანაინვესტირებიდან მიღებული სახსრებით შეიძენენ. ასორტიმენტი იგივე იქნება: ქადები, კექსები, პეროგები და ჯემიანი რულეტები. ამბობენ, რომ რეალიზაცია არ გაუჭირდებათ: კლიენტები ბაზრობაზეც ჰყავთ და მაღაზიებშიც. თანაც, მათ გამომცხვარ პროდუქციას ყველა ენდობა.
„მე უმუშევარი, მარტოხელა დედა ვარ. ძალიან გვინდა, საცხობი წარმატებული იყოს. ეს ჩვენთვის ბავშვობის იდეის სისრულეში მოყვანის შანსია. თანაინვესტირება მართლაც რომ კარგი შესაძლებლობაა და პასუხისმგებლობაც უფრო მეტი გვაქვს. გვსურს, პოზიტიურად გავაოცოთ ჩვენი თემის წევრები და ვაჩვენოთ, რომ პროექტის დაფინანსება ნამდვილად ღირდა“,- ამბობს ნანა კვიტია.
„თუ ჩვენი საცხობი განვითარდება და საქმიანობას კიდევ უფრო გავაფართოებთ, სხვებსაც დავასაქმებთ. ამასთან, ძალიან გვინდა დევნილ ქალებს ცხობა უფასოდ, მოხალისეობრივად შევასწავლოთ. ჩვენი იდეის წარმატება და დაფინანსების მიღება უკვე ბევრისთვისაა სტიმული, ყოჩაღ ქალებს გვეძახიან და თუ განვვითარდებით, ეს სტიმული კიდევ უფრო გაიზრდება“,-აღნიშნავს ინგა ჩოკორაია.