COVID-19 - ადგილობრივი მმართველობის გამოცდა
სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიასთან ბრძოლის პირობებში
კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს საზოგადოება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ დააყენა და ადმიანებს დაუცველობის განცდა შეუქმნა. სამოქალაქო აქტივიზმი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ნაცადი ხერხია, რომლის დახმარებით საზოგადოება კრიზისის დაძლევას და უკეთესი მომავლის იმედის შენარჩუნებას შეძლებს. პანდემიამ დაგვანახა, რომ საუკეთესო პოლიტიკაც კი უძლურია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
COVID-19-თან ბრძოლის პროცესში სულ უფრო ხშირად გვესმის მოხალისეთა საქმიანობის შესახებ, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან მხარდამხარ მუშაობენ. სამოქალაქო აქტივისტები ჩართულები არიან როგორც რესურსების მობილიზებაში, ასევე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენაში.
ლუსინე დოსტიბეგიანი ერთ-ერთი ასეთი მოხალისეა. თავის მშობლიურ ქალაქ თეთრიწყაროში იგი ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს და ახალგაზრდების განათლებასა და მათთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ცენტრის საქმიანობა არც პანდემიის დროს შეჩერებულა. ლუსინე და მისი მეგობრები ქალაქში სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავენ და ავრცელებენ ინფორმაციას კორონავირუსისგან დაცვის გზების შესახებ. ლუსინე ასევე ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, ხმა მიაწვდინოს მუნიციპალიტეტის სომხურენოვან მოსახლეობას.
„ჩვენ მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელია, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. მე ორივე ენას, ქართულს და სომხურს, სრულყოფილად ვფლობ. გაეროს განვითარების პროგრამის შეთავაზებით, ჩავერთე პანდემიის შესახებ მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის stop.cov.ge სომხური ვერსიის მომზადებაში“, - ამბობს ლუსინე.
„ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ადგილობრივი სკოლის პედაგოგები გვერდში დამიდგნენ და ვებგვერდის სომხურ ენაზე თარგმნა სულ რამდენიმე დღეში მოვახერხეთ.”
ფოტოს ავტორი: UNDP
მცხეთა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია, მაგრამ დღეს ქალაქის ერთ დროს ხალხმრავალი ქუჩები ცარიელია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო აქტივისტები ერთად ცდილობენ, მოქალაქეები საზოგადოებრივ ადგილებს მოარიდონ და აუცილებელი ინფორმაცია და მინიმალური საარსებო საშუალებები მიაწოდონ.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულოთ და ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ,“ - ამბობს მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე.
„ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფი ძალიან გვეხმარება. პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლება ყველა შესაძლო რესურსს იყენებს და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია.“
თეთრიწყარო და მცხეთა იმ ცხრა მუნიციპალიტეტის ჩამონათვალშია, სადაც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით COVID-19-ის პრევენციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა. გავრცელდა 65,000 ბროშურა და პოსტერი, საზოგადოებრივი ადგილები მოინიშნა სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელი გარე სტიკერებით. საინფორმაციო მასალები საგანგებო მდგომარეობის და კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ მომზადდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის სერგი პეტრიაშვილის აზრით, პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად.
„გლობალური საფრთხე ყველა ჩვენგანის კარზეა მომდგარი“, - ამბობს სერგი. „თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში. მთავრობა, ადგილობრივი საჯარო მოხელეები და ექიმები დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენც თუ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, კრიზისს ვერ გავუმკლავდებით“.
საყოველთაო სოლიდარობა და თანამშრომლობა დღეს ისეთივე უპრეცედენტოა, როგორც თავად პანდემია. თუმცა უცნობია, რამდენად შენარჩუნდება ეს მუხტი კრიზისის დასრულების შემდეგ და გამოიწვევს თუ არა ეს მმართველობის სტანდარტების გაუმჯობესებას და საზოგადოების მეტ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე.
საქართველოში მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში არასდროს ყოფილა მაღალი, რასაც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ 16 პროცენტს არ აღემატება.
„პანდემია ნამდვილი გამოცდაა ინსტიტუტებისთვის და ჩვენი საზოგადოების გამძლეობისთვის“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების ყველა ფენაში, მათ შორის მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებში.”
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით, უკვე 10 წელია ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის რეფორმის გატარებას. კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდანვე UNDP-მ გადახედა ამ პროგრამის განხორციელებას და გადაამისამართა არსებული რესურსები კრიზისის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, დონორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, UNDP ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს, ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობებს და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.
COVID-19 კრიზისის პირობებში გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს პრეს-ცენტრს