ინკლუზიური საზოგადოების განვითარება პანდემიის შემდგომი აღდგენის გასაღებია
03 დეკემბერი 2020
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და საჭიროებები გათვალისწინებული უნდა იყოს პანდემიაზე რეაგირებისა და შემდგომი აღდგენის დროს, ამბობს გაეროს განვითარების პროგრამა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მიმართ. UNDP ხელს უწყობს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული და ყველა შეძლებს ჩაერთოს განვითარების პროცესში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. საქართველოში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს, თუმცა შშმ პირის სტატუსი მხოლოდ 3 პროცენტს გააჩნია. შშმ პირები კვლავ სტიგმისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი არიან, თუმცა ვითარება იცვლება და მათი ხმა სულ უფრო მკაფიოდ ისმის ქართულ საზოგადოებაში.
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია 2014 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ძალაში შესვლა და 2020 წლის ივლისში შესაბამისი კანონმდებლობის მიღება. ახალი კანონის თანახმად, საქართველო გადადის ე.წ „სამედიცინო“ მოდელიდან „სოციალურ“ მოდელზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ჩართულობას შშმ პირთა ინტეგრირებისა და მათი უფლებებისა და საჭიროებების გათვალისწინების საქმეში.
„ინკლუზიური საზოგადოების განვითარება შშმ პირთა უფლებების აღიარებასა და დაცვას გულისხმობს. ეს უფლებები ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროზე ვრცელდება - სასკოლო განათლების მიღება, საზოგადოებაში არსებობა, ჯანდაცვა, პოლიტიკური მონაწილეობა, ოჯახის შექმნა, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, მოგზაურობა და, რა თქმა უნდა, ღირსეული დასაქმება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა თავის განცხადებაში, რომელიც მან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს გაავრცელა.
ქართული საზოგადოება სულ უფრო მეტად აღიარებს შშმ პირთა უფლებებს და მეტ მიმღებლობას იჩენს მათ მიმართ. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს შეუძლიათ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიონ როგორც სწავლაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ქართველებისთვის ასევე მისაღებია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირის ყოფნა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, მაგალითად, პარლამენტის წევრად.
მიმღებლობა ბევრად ნაკლებია ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ. რესპონდენტთა ნახევარზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ან ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები მისაღები არიან როგორც თანამშრომლები, კარის მეზობლები ან მათი შვილების თანაკლასელები. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს არ უნდა ჰყავდეთ შვილები.
„მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის თაობაზე. თუმცა ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისთვის რომ, ეს გადაწყვეტილება შეასრულოს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში ძირეული გარდატეხა უზრუნველყოს. ამ მხრივ, კორონავირუსმა ახალი გამოწვევები შექმნა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას, იზრუნონ იმაზე, რომ პანდემიამ კიდევ უფრო არ დაამძიმოს შშმ პირთა მდგომარეობა. გაეროს განვითარების პროგრამას მტკიცედ სჯერა, რომ ინკლუზიური საზოგადოებისკენ მიმავალი გზა ამავდროულად პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლისა და შემდგომი აღდგენის გზაცაა“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვას. UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის შენობისა და იუსტიციის სახლის ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე. პანდემიის დროს, UNDP-მ ხელი შეუწყო კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ადაპტირებასა და გავრცელებას, სამთავრობო ბრიფინგების თარგმნას ჟესტურ ენაზე და ონლაინ კონსულტაციების ჩატარებას შშმ პირთა პანსიონატების თანამშრომლებისა და ბენეფიციარებისთვის. გარდა ამისა, ათასობით ხანდაზმულმა, რომელთა დიდი ნაწილი შშმ პირია, მიიღო ვირუსისგან დამცავი საშუალებები, საკვები და შინმოვლის მომსახურება.