პრეს-რელიზი

საქართველოს მაღალმთის ხელშეწყობა კრიზისის პირობებში

11 დეკემბერი 2020

მთის საერთაშორისო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა ხაზს უსვამს მთის მნიშვნელობას ადამიანებისა და გარემოსთვის

 საქართველოს მთა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 65 პროცენტს იკავებს, სუფთა ენერგიის, წყლის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის უძვირფასესი წყაროა. ამის მიუხედავად, მთაში სიღარიბის დონე კვლავ მაღალია და მოსახლეობა როგორც ეკონომიკური, ასევე კლიმატური გამოწვევების წინაშე დგას. წელს მთის საერთაშორისო დღე განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ მთას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, რადგან ეს ადამიანებისა და ბუნების მდიდარი, მაგრამ ამავდროულად ფაქიზი თავშესაფარია.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებთან, მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების აღმოფხვრას, შესაბამისი პოლიტიკის გატარებასა და პროგრამების შექმნას.

„დიდებული ყაზბეგით დაწყებული, მთები საქართველოს სახეა. მაღალმთის მოსახლეობა ბუნებით გამძლე და მდგრადია. მაგრამ მათ დახმარება სჭირდებათ, რათა თავიანთი საარსებო წყარო და ბუნებრივი გარემო დაიცვან. UNDP-ის მიზანია ქართული კულტურის ამ გამორჩეული ნაწილის გადარჩენა და განვითარება”, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევაში ჩვენ მეგობარი ქვეყნების წარმატებული მაგალითებიც გვეხმარება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას. მთა საქართველოს ბუნებრივი, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მემკვიდრეობაა. მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება”, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

ეკონომიკური გამოწვევებისა და ეკოლოგიური საფრთხეების  გამო, მთის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, ხშირად ტოვებს მშობლიურ რეგიონებს. საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტის თითქმის ნახევარი მაღალმთაში მდებარეობს, თუმცა ქვეყნის 3.7 მილიონი მოსახლეობიდან მთაში მხოლოდ 9.7 პროცენტი ცხოვრობს.

საქართველოს რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა,  შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით, ახორციელებს 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მასშტაბურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„შვეიცარია მაღალმთიანი ქვეყანაა და მთის მოსახლეობის გამოწვევებს კარგად იცნობს. მზად ვართ საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს და მხარი დავუჭიროთ ეკონომიკური განვითარების სათემო ინიციატივებს. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც კარგად იცის, თუ რა სჭირდება მთის განვითარებას, აქტიურად უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ.

„სისტემური დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის, ავსტრიის დახმარების ქვაკუთხედია. ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სათემო და მუნიციპალურ ინიციატივებს, მათ შორის მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას. მტკიცედ გვჯერა, რომ განვითარების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით”, - განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისი ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა.

2015 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ჩაუყარა საფუძველი. 2019 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პირველი ოთხწლიანი სტრატეგია მაღალმთიანი დასახელებების განვითარების შესახებ. სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2019-2020 წლებში 240 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას მაღალმთის ეკონომიკური განვითარების, სოციალური პირობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

2015 წლიდან დღემდე საქართველოს 1,800-მდე დასახლებას მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭა, ხოლო მთიან რეგიონებში არაერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

შვეიცარიასა და ავსტრიასთან თანამშრომლობით, UNDP აფინანსებს სათემო და მუნიციპალურ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. შვიდმა მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო 195,000 აშშ დოლარის დაფინანსება ადგილობრივი განვითარების ინიციატივებისთვის, რომელთა შედეგებით 65,000-ზე მეტი მაცხოვრებელი ისარგებლებს. ამასთან ერთად, 266,000 აშშ დოლარის დაფინანსება გადაეცა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ცხრა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, ხოლო მათ მიერ განხორციელებული პროექტების მოსარგებლეთა რიცხვმა 4,000-მდე ადამიანი შეადგინა.

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით