ტყე ჩვენი მეგობარია. მას უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონია და მშვიდობა უნდა დამყარდეს.
ამ მოწოდების ირგვლივ აგებულია ახალი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. ანიმაციის პირველი ჩვენება 25 ნოემბერს გაიმართა.
ანიმაციური ფილმი „ტყე ჩემი მეგობარია“ გადაწყვეტილია კლასიკური იაპონური მანგას სტილში. მასში მოთხრობილია ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ფილმის გმირები - მეომარი გოგონა და მეომარი ხე, ერთმანეთს ბრძოლის ველზე გაიცნობენ, სადაც ადამიანებსა და ტყეს შორის ომი მიმდინარეობს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთან, ისინი ბევრ საერთოს აღმოაჩენენ, დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ, რომ ერთად იპოვონ ადამიანებსა და ტყეს შორის დაკარგული კავშირი.
„იაპონიაში, მანგა ყველა ასაკის ადამიანს უყვარს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური ნაწილი საქართველოს ტყეების დაცვის, ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეს წაადგება“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.
„მისასალმებელია, როდესაც მშვიდობისა და ჰარმონიისკენ მოწოდება ასეთი უზადო სტილითაა გადმოცემული. ამ არაჩვეულებრივი ანიმირებული მანგას მეშვეობით, საქართველოს საზოგადოება შეიტყობს იმ არსებითი ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც იაპონია ტყის დაცვის საქმეს უწევს”, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. გარემოსდაცვითი ცნობიერება და განათლება ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმსჯელონ გარემოსდაცვით საკითხებზე და თავად ჩაერთონ პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ.
ანიმაცია „ტყე ჩემი მეგობარია“ გადაიღო ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „დემოკრატიის ლაბორატორია“ (დემლაბი), გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით. ეს საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ტყის დაცვასა და მდგრად მართვას ემსახურება. პირველი ჩვენების შემდეგ, მანგა საქართველოს სოფლებში გაემგზავრება, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის კინოჩვენება და დისკუსიები გაიმართება.
საქართველოს კლიმატური დაპირება
საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის 43 პროცენტი ტყითაა დაფარული. მილიონობით ადამიანისთვის, ტყე შემოსავლის, წყლისა და ჟანგბადის წყაროა. ტყე გვიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან და შთანთქავს სათბური არიების ემისიებს. მიუხედავად ამისა, ტყის გადამეტებული მოხმარება, უკანონო ჭრა და გახშირებული ხანძრები მუდმივ საფრთხეს უქმნის ამ ძვირფას ბუნებრივ რესურსს.
საქართველოს მოსახლების სამი მეოთხედი შეშას გასათბობად იყენებს. არამდგრადი გზით მოპოვებული ხე-ტყის მასალის რაოდენობა წელიწადში 2.4 კუბურ მეტრს აღწევს, რაც საქართველოს ყოველწლიურად 446 მილიონი ლარი უჯდება. გარდა ამისა, ათასობით ჰექტარი ტყე ზიანდება და ნადგურდება გახშირებული ხანძრების გამო.
2021 წელს, საქართველოს მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და ტყის რეფორმა წამოიწყო. ერთი წლით ადრე, 2020 წელს, საქართველომ ასევე მიიღო რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის კლიმატურ მიზნებს განსაზღვრავს. მათ შორისაა კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგია 2030 და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი.
ამ საკმაოდ ამბიციური გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის, საქართველო 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმა 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10 პროცენტით გაიზრდება.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და იაპონია მხარს უჭერენ ამ გეგმის განხორცილებას და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ისეთი მოდელის დანერგვას, რომელიც ხელსაყრელი იქნება როგორც გარემოსთვის, ისე ეკონომიკისა და ადამიანებისთვის.
920,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, UNDP და იაპონია ეხმარებიან საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას. ამ დახმარების ფარგლებში, 2022-2023 წლებში, სოფელ ჯიღაურაში სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო აშენდება, ხოლო ძეგვსა და ქვემო ლისში უკვე არსებული საქმიანი ეზოები ახალი ტექნიკით აღიჭურვება. ეროვნულ სატყეო სააგენტოს მაღალი გამავლობის მანქანები (კვადროციკლები) და ტყის ხანძართან საბრძოლველად საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. მეტყევეები გაივლიან ტრენინგს ტყის მდგრადი მართვის საკითხებში, ხოლო ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად მაცხოვრებლებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. გარდა ამისა, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს სატყეო რეფორმის ხელშეწყობა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, Climate Promise, ფარგლებში, რომელიც 120 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და კლიმატური დაპირების პრაქტიკულ შესრულებას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც Climate Promise იაპონიის დაფინანსებით ხორციელდება.