პრეს-რელიზი

სიტყვის ძალა

02 ნოემბერი 2022

გაერთიანებული სამეფო და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ქართველი და ოსი ენათმეცნიერების, მთარგმნელებისა და ფილოლოგების თანამშრომლობას

ქართველმა და ოსმა მკვლევარებმა მკითხველს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პროექტი შესთავაზეს - გამოცემათა ნაკრები, რომელშიც თავმოყრილია ქართული და ოსური პოეზიის ანთოლოგიები, ბავშვებისთვის განკუთვნილი ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონები და მეცნიერული მონოგრაფია კავკასიურ ფოლკლორში ქალის როლის შესახებ.

პოეზიის ანთოლოგიებში შესულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოსტა ხეთაგუროვისა და სხვა ავტორების ლექსების, კავკასიური ეპოსისა და ულამაზესი ფოლკლორის 380 თარგმანი, ხოლო ილუსტრირებული ლექსიკონები შეიცავს 300-მდე სიტყვას, რომელიც ენის შესწავლის საფუძველს წარმოადგენს.    

ქართველ და ოს ენათმეცნიერთა, მთარგმნელთა და ფილოლოგთა თანამშრომლობას გაუძღვა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკა“. პროექტი განხორციელდა გაერთიანებული სამეფოსა და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

ლიტერატურული პროექტის საჯარო წარდგენა 2 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

„კავკასიური მოზაიკის“ წარმომადგენლებმა ნაირა ბეპიევმა და ნინო პოპიაშვილმა ისაუბრეს ქართველ და ოს მეცნიერთა თანამშრომლობის შესახებ.

ხოლო მსახიობებმა ლილი ხურითიმ და თინათინ კობალაძემ ქართულ და ოსურ ენებზე წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავი სტროფები და იამბიკოს რითმით დაწერილი ლექსი, რომლის ავტორად მე-11 საუკუნის საქართველოს დედოფალი, ბაგრატ IV-ის მეუღლე, ოსთა მეფის ასული ბორენა მიიჩნევა.

გაერთიანებული სამეფო სიამაყით უჭერს მხარს კავკასიის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლასა და ახალგაზრდა თაობისთვის გაცნობას, რასაც ქართველი და ოსი მკვლევარები ერთობლივად ახორციელებენ.“

მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

ენის, ლიტერატურისა და პოეზიის მეშვეობით ჩვენს მდიდარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობას ვეცნობით. UNDP მოხარულია, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად, მხარი დაუჭიროს მეცნიერთა და მკვლევართა თანამშრომლობას, რომელიც ქართული და ოსური კულტურული საგანძურის შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება."

ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ლიტერატურული პროექტის კულტურულ და ისტორიულ ფასეულობასთან ერთად, აღსანიშნავია მისი მნიშვნელობა ქართველ და ოს მკვლევართა თანამშრომლობის თვალსაზრისით, რომელიც უკვე 10 წელია გრძელდება. ამ აკადემიური პარტნიორობის შედეგები არაერთ ინიციატივას ითვლის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართულ-ოსური კულტურული კავშირების შენარჩუნებასა და განვითარებაში.

ქართველი და ოსი მკვლევარების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა უძველესი კავკასიური მითების „ნართების თქმულებების“ ქართული თარგმანი, გაგრძელდა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონების შედგენა, რომლებიც 22,000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. ასევე გამოიცა ქართულ-ოსური ურთიერთობის ენციკლოპედია და გაიმართა რამდენიმე თეატრალიზებული წარმოდგენა ქართულ და ოსურ ენებზე.

წლების მანძილზე, ამ კულტურულ და აკადემიურ პარტნიორობას მხარს უჭერდნენ ევროკავშირი, ბრიტანეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა მათი ერთობლივი ინიციატივის „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის“ (COBERM) ფარგლებში, რომელიც კონფლიქტით გამიჯნული საზოგადოებების დაახლოებას ემსახურება.

ამ დახმარების მეშვეობით, 2010 წლიდან, 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანად გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საქმეში და ხელი  შეუწყო ამ მხრივ ახალი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას.

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი
Tinatin Kandelaki

თინათინ კანდელაკი

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით