ნაბიჯი მომავლისკენ: პროფესიული სწავლება სკოლებში
შვეიცარია და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების განვითარებას
„21-ე საუკუნეა! ყველას სჭირდება გარკვეული ცოდნა ტექნოლოგიების შესახებ, რადგან ჩვენ უკვე შევაბიჯეთ ციფრულ ეპოქაში,“ - ამბობს ელენე ლეთოდიანი, 16 წლის მოსწავლე ცაგერიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა მის სკოლაში არსებული კომპიუტერული ტექნოლოგიის კურსი.
ელენეს მსგავსად, ათასობით ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სარგებლობს განათლების ახალი მოდელით, რომლის დანერგვის შედეგად, პროფესიული სწავლება ხელმისაწვდომი გახდა არ მხოლოდ კოლეჯებში, არამედ საჯარო სკოლებშიც.
თანამედროვე მსოფლიოში, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უდიდესი, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. განვითარებად ქვეყნებში, განათლება და ინფორმაცია სწორედ ის ძვირფასი რესურსია, რომელიც სიღარიბის დაძლევასა და კეთილდღეობისკენ ნაბიჯის გადადგმას განაპირობებს. მეორეს მხრივ, განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობა კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობასა და უსამართლობას.
საქართველოში, სადაც უმუშევრობა საშუალოდ 14 პროცენტს, ხოლო ზოგიერთ რეგიონში 20 პროცენტს შეადგენს, დასაქმების ხელშემშლელ ფაქტორებს შორის ყველაზე ხშირად დასაქმების მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია სახელდება (წყარო: EU/UNDP. 2022). ამ მხრივ, ახალგაზრდები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის მაჩვენებელი 28 პროცენტიდან 50 პროცენტამდე მერყეობს (წყარო: საქსტატი). ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც დასაქმებაში, არც განათლებასა თუ ტრენინგში, ხოლო საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში.
საგანმანათლებლო მოდელი, სადაც პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია უშუალოდ სკოლაში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ხარვეზების აღმოფხვრას და ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს პროფესიული საქმიანობის შესარჩევად აუცილებელი გამოცდილება და უნარები სკოლაში სწავლის დროს შეიძინონ.
გარდა ამისა, მსგავსი საგანმანათლებლო მოდელის პირობებში, საგრძნობლად იზრდება სკოლას, კოლეჯსა და დამსაქმებელს შორის არსებული კავშირი, იქმნება განათლების ეკოსისტემა, სადაც სკოლა უზრუნველყოფს ახალგაზრდების დაინტერესებას პროფესიული განათლებით, ხოლო კოლეჯი სთავაზობს მათ ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნაზე მორგებულ სასწავლო პროგრამას.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარია უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობენ საქართველოში განათლების სისტემის მიმართ მოძველებული მიდგომების გადახედვას და ახალი, წარმატებული საგანმანათლებლო მოდელების დანერგვას, რომლების ხელსაყრელი იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სკოლებისთვის, პროფესიული კოლეჯებისა და დამსაქმებლებისთვის.
„კვალიფიციური სამუშაო ძალა საქართველოსთვის კვლევა გამოწვევაა. სკოლაზე დაფუძნებული პროფესიული ტრენინგი შეამცირებს განათლებასა და დასაქმებას შორის არსებულ მანძილს, რაც თანაბრად წაადგება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე მათ პოტენციურ დამსაქმებლებს“, - აცხადებს ბარბარა ბიონი, თანამშრომლობის რეგიონული დირექტორი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
„ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, რათა ხარისხიანი პროფესიული ტრენინგი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიარონ. მათთვის ეს ერთგვარი ძალების მოსინჯვაა, რაც სამომავლო პროფესიის შერჩევასა და კარიერის დაგეგმვაში დაეხმარებათ“, - აღნიშნავს დაგლას უები, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, სასკოლო განათლებაში პროფესიული სწავლების დანერგვა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. საპილოტე პროგრამა ოთხ პროფესიულ კოლეჯსა და ექვს საჯარო სკოლაში განხორციელდა და საქართველოს ოთხი რეგიონი მოიცვა: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი. ამ საცდელი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაიბარა და მსგავსი მოდელი 259 საჯარო სკოლაზე განავრცო. შედეგად, პროფესიულ სწავლებაში ჩაერთო 10 ათასამდე მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ამავე პროგრამის შემდეგი ეტაპი 2022 წელს, პროფესიულ უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო. პროგრამის მიზანი იყო რეგიონებში მოქმედი პროფესიული კოლეჯების განვითარება და მათ საფუძველზე ცოდნის ჰაბების შექმნა, რომლებიც ადგილობრივ საჯარო სკოლებს შესაბამის მხარდაჭერას გაუწევდნენ. პროგრამის განხორცილებისთვის შერჩეულ იქნა ექვსი პროფესიული კოლეჯი და 10 საჯარო სკოლა ხუთ რეგიონში: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, იმერეთი, გურია, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქველო სვანეთი.
წარმატებული პროფესიონალები წარმატებული ეკონომიკისთვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამ გამორჩეული რეგიონის მრავალფეროვან ეკონომიკურ პალიტრას ქმნის მისი ხალხმრავალი ტურისტული სანაპირო, ულამაზესი მაღალთა, სუბტროპიკული ეკოსისტემები, საზღვაო სავაჭრო გზები და სწრაფად მზარდი ქალაქები და სოფლები.
პროფესიული განათლება განსაკუთრებით მოთხოვნადია. რეგიონში მოქმედი რამდენიმე მსხვილი კოლეჯი ახალგაზრდებს პროფესიული სწავლების ფართო დიაპაზონს სთავაზობს ადგილობრივი შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინებით. პოპულარულ დარგებს შორისაა სტუმარმასპინძლობა, ტურიზმი და ველნესი, ელექტრობა, მექანიკა, ტანსაცმლის დიზაინი, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. ამ პროფესიებით დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ კოლეჯების შესაძლებლობებსაც კი აჭარბებს. მაგალითად, 2023-2024 აკადემიურ წელს, ბათუმის „ბლექ სი“ კოლეჯში ათჯერ მეტი განაცხადი შევიდა რეალურად არსებულ ადგილებთან შედარებით.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აჭარაში მოქმედი პროფესიული სასწავლებლები ძირითადად ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული, რაც სოფლების მაცხოვრებლებისთვის დამატებით საგანმანათლებლო გამოწვევას წარმოადგენს.
ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარია, პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ხელს უწყობენ პროფესიული სწავლების დანერგვას ადგილობრივი სოფლების საჯარო სკოლებში.
„აჭარა გამორჩეული რეგიონია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის კუთხით. ბავშვები, რომელთაც ბარისტასა და სერვისის კურსები გაიარეს, უმეტესწილად ისეთი ოჯახებიდან არიან, რომელთაც საკუთარი საოჯახო ბიზნესი აქვთ. კურსის დასრულების შემდეგ, მათ უკვე შეუძლიათ პროფესიული წვლილი შეიტანონ მშობლების კომერციულ საქმიანობაში, სასტუმრო იქნება თუ რესტორანი. უნდა ითქვას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა“, - ამბობს ნატა ფარტენაძე, პროგრამის კოორდინატორი ბათუმის „ბლექ სი“ კოლეჯში.
გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, ბათუმის „ბლექ სი“ კოლეჯი და ქობულეთის კოლეჯი „ახალი ტალღა“ გონიოსა და მუხაესტატეს საჯარო სკოლებს დაუკავშირდნენ და პროფესიული სწავლების პროგრამები წამოიწყეს.
„ვფიქრობ, ბარისტას მიმართულებით ავირჩევ სამსახურს, თუმცა ორივე კურსი ძალიან საინტერესო და სახალისოა. სერვირების ნაწილიც გავიარე და სამომავლოდ ძალიან გამომადგება“, - გვიყვება 16 წლის დიმა მახარაძე გონიოდან.
სასწავლო პროგრამაში დიმას კლასელებიც ჩაერთნენ. 16 წლის ემილი გორაძის თქმით, კურსის ყოველი წუთი დაუვიწყარი იყო, შედეგად კი ბევრი მოზარდი ბარისტას პროფესიითა და სერვირების სფეროთი დაინტერესდა.
„ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ თუ მსგავს კურსებს მათ სასკოლო პროგრამაშიც შეიტანენ, აუცილებლად გამოთქვამენ დასწრების სურვილს“, - გვიზიარებს ემილი.
16 წლის როლანდ დავითაძისთვის სოფელ მუხაესტატედან, პროფესიული სწავლება მეწარმეობის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.
„ჩემი მიზანია კარგად დავეუფლო სტუმარმასპინძლობის პროფესიას და შეძენილი ცოდნით საკუთარი საქმე წამოვიწყო.“
2023-2024 აკადემიურ წელს, გონიოსა და მუხაესტატეს საჯარო სკოლების 120-მდე მოსწავლემ გაიარა პროფესიული სწავლების კურსი რეგიონის საუკეთესო კოლეჯების პროგრამებით. ყველა მოზარდმა მიიღო ცოდნა, უნარები და საორიენტაციო რჩევები, რომლებიც ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი პროფესიული მისწრაფებების მიღწევაში დაეხმარებათ.
კოლეჯებთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებმაც ისარგებლეს. ორივე სკოლამ მიიღო პრაქტიკული ხელშეწყობა პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვისა და მათი ხარისხისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის.
ტურიზმის განვითარება ცაგერში
მდიდარი ისტორიითა და თვალწარმტაცი ბუნებით გამორჩეული ცაგერი საქართველოს მაღალმთის ფარული სამკაულია, რომლის შთამბეჭდავი ტურისტული შესაძლებლობები სათანადო დაფასებასა და გამოყენებას იმსახურებს. ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, რის შედეგად ცაგერში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და ადგილობრივი პერსონალის მომზადება ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებისთვის.
გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით, ცაგერის 1-ელმა საჯარო სკოლამ თანამშრომლობა დაიწყო ცოდნის რეგიონულ ჰაბთან, ამბროლაურის კოლეჯ „ერქვან“-თან. ამის შედეგად, სკოლაში რამდენიმე პროფესიული პროგრამა დაინერგა და 50-ზე მეტმა მოსწავლემ გაირა სასწავლო კურსები საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული დიზაინის, სტუმარმასპინძლობისა და ტურისტული გიდის მიმართულებით.
„გიდის პროგრამა საოცრად ინფორმაციული აღმოჩნდა! ეს კურსი დაგვეხმარა უკეთ გაგვეცნო ჩვენი კუთხე თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით“, - გვიყვება 16 წლის ლიზი საღინაძე.
მასწავლებელი ლამზირა კოპალიანი აღფრთოვანებულია ცაგერელი მოზარდების ნიჭიერებითა და მონდომებით.
„ჩვენი ბავშვები მრავალმხრივ ნიჭიერები არიან - ქარგავენ, ძერწავენ და სპექტაკლებში მონაწილეობენ. მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც ამ კურსით უბედნიერესები არიან. ახლა ბავშვებს თამამად შეუძლიათ თავიანთი კუთხის გაცნობა ნებისმიერი ვიზიტორისთვის, ქართველისა თუ უცხოელისთვის. სამთვიანი კურსი გრანდიოზული ექსკურსიით დასრულდა. შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გადავიყვანეთ და ძვირფასი ადგილობრივი კულტურული ძეგლები მოვინახულეთ.“
საგანმანათლებლო თავგადასავალი ჯერ კიდევ გრძელდება. ბევრ ახალგაზრდას იმედი აქვს, რომ მათ სკოლაში სხვა პროფესიული სასწავლო კურსებიც დაინერგება, მათ შორის ტანსაცმლის დიზაინი და ბიზნეს უნარები.
ახალი უნარები ახალი ტყიბულისთვის
„მიწასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, მითუმეტეს მაშინ როდესაც თეორიული მასალის შესწავლას პრაქტიკული სამუშაოები დაემატა. ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ - ჩითილების დარგვის, ნიადაგის შემოწმების და მორწყვის ტექნიკები. სიამაყით ვიტყვი, რომ ამ სათბურში ჩვენი ხელით მოვიყვანეთ ცერეცო, კიტრი, სტაფილო, ქინძი, ნიახური და ოხრახუში. ვიცი, რომ აგრონომიის კურსზე მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება“, - 16 წლის ლიზა ცქიფურიშვილი სოფელ საწირედან.
ლიზას სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტშია, რომელიც 150 წელზე მეტია „მაღაროელების ქალაქის“ სახელითაა ცნობილი. ქვანახშირის მოპოვებამ, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და ტყიბულის ულამაზეს ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქვანახშირზე მოთხოვნის კლებასა და მაღაროების ცვეთასთან ერთად, ტყიბულმა ხელახლა უნდა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი საქართველოს ეკონომიკაში, ზრდისა და განვითარების თანამედროვე შესაძლებლობები გამოიყენო და ახალგაზრდა თაობას ახალი პერსპექტივები შესთავაზოს. კარგად გამართული და მრავალფეროვანი პროფესიული სწავლება ისეთ დარგებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები და მშენებლობა, ამ რთული პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
„კულინარიის კურსი ყველაზე ძალიან მომეწონა. შესაძლოა, ჩემი კარიერა ამ დარგს დავუკავშირო და სწავლა კოლეჯში გავაგრძელო. ხეზე და გიშერზე მუშაობის კურსები თუ დაემატება ამ პროგრამას, ძალიან გაგვიხარდება. ეს დარგები ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი და მოთხოვნადია“, - გვიყვება 17 წლის ლუკა ქაშიბაძე.
საწირეს საჯარო სკოლა იმ 10 შერჩეული სკოლის რიცხვშია, სადაც პროფესიული სწავლების პროგრამები გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით დაინერგა. 40-მდე მოზარდმა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიული კურსი ამ პროგრამის ფარგლებში გაიარა, თავის კარიერულ პერსპექტივებს ახალი თვალით შეხედა.
2024-2025 სასწავლო წელს, გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარია გააგრძელებენ შერჩეული სკოლების მხარდაჭერას, რათა პროფესიული სწავლებით მოსწავლეების ახალმა ნაკადმა ისარგებლოს. UNDP და შვეიცარია ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული სწავლების კურსების აკრედიტაციას, რის შემდეგ პროგრამის დაფინანსებისა და ხარისხის მართვის პასუხისმგებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იკისრებს.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის მთავრობის 4.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზების მიმართულებით.
სამწლიანი პროექტის (2022-2025) მიზანია პროფესიული კომპეტენციების გაზრდა დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნა, რაც თავის მხრივ, შექმნის საფუძველს სოფლის ეკონომიკის მდგრადობისთვის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და დაუცველი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
უფრო ვრცელი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე.