64 წლის დევნილი, ლეილა ფანგანი, უკვე წლებია, დროებით საცხოვრებელში ცხოვრობს, სადაც არც ბუნებრივი აირია და არც წყალი მოდის. ის ამბობს, რომ პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები, რომელიც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ძალისხმევით მიიღო, მისთვის პირველი ასეთი დახმარებაა.
სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების დახმარების საჭიროებაზე საუბრობს 75 წლის ზეინაბ გელდიაშვილი გორიდან, რომელმაც ბინა რამდენიმე წლის წინ დაკარგა და ნათესავის სახლს შეფარებული, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტო ცხოვრობს. „პანდემია რომ დაიწყო, საჭმელს, ძირითადად, მეზობელი მაწვდიდა. კიდევ კარგი, პურის მაღაზია ახლოს გახსნეს და ვახერხებდი გასვლას. ასეთი დახმარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, პროდუქტის ყიდვა რომ არ დამჭირდება, დიდი საქმეა.“
85 წლის შოთა ჩხვიმიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე, 20 წელზე მეტი კი მასწავლებლობას და მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა, ახლა სრულიად მარტოა და მეზობლებისა და ნათესავების დახმარებით, პატარა ბაღს უვლის დმანისში. COVID-19-ით გამოწვეულმა საფრთხემ მისი კავშირი გარესამყაროსთან კიდევ უფრო შეზღუდა. „ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ მოლაპარაკე არა მყავს,“ ამბობს ყოფილი მასწავლებელი, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა ჰაერივით ესაჭიროება.
Shota Chkhvimiani. Photo: Dina Oganova / UNFPA Georgia
ლეილა ფანგანისა და ზეინაბ გელდიაშვილის მსგავსად, პანდემიამ არაერთი მარტო მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხანდაზმული დააყენა განსაკუთრებული პრობლემების წინაშე. დღესდღეობით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 41 000 მარტოხელა პენსიონერი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალია. შინ დარჩენის და იზოლაციის აუცილებლობამ ბევრ მათგანს შეუზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო სერვისებზე. რისკების შესამცირებლად, დადგა მათზე მორგებული ინფორმაციის და დამცავი აღჭურვილობის მიწოდების საჭიროება.
გაეროს ერთობლივი პროგრამის „კოვიდ 19-ის შედეგებთან გამკლავება ადგილობრივ თემებში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდისა (MPTF) და გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, 7 ყველაზე ღარიბ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4100--მდე მარტოდ მცხოვრები მოწყვლადი ხანდაზმული უზრუნველყო საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საჭირო ინფორმაციით.
პროგრამის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდი და წითელი ჯვრის საზოგადოება ხანდაზმულთა პანსიონატებსა და სათემო მოსახურებებსაც მისწვდნენ. მათ შორისაა ხანდაზმულთა სათემო მომსახურება „სალბუნის“ პანსიონატი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელი, ლიანა ჩუბინიძე ამბობს, პანდემიის პირობებში, ჰიგიენური საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით მომარაგება და ამ გზით, ხანდაზმულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, „ხანდაზმული მოქალაქეები ყოველთვის იყვნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. საქართველოში სწორედ ჩვენი ინიციატივით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჯანსაღი და აქტიური დაბერებისკენ, ხანდაზმულთათვის ღირსეული პირობების შექმნისკენაა მიმართული. დღეს, როცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის წინაშე ვდგავართ, მათი საჭიროებების ცოდნა და შესაბამისად რეაგირება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ეს განსაკუთრებით ეხება მარტო მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს. მოხარული ვართ, რომ გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევძელით და მივწვდით მათ, ვისაც შექმნილ ვითარებაში ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.“
UNFPA-ს მხარდაჭერით, პროგრამის სამიზნე რეგიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებს ამანათებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები აწვდიან. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი არსებობის ყველა ეტაპზე ზრუნავდა უფროს თაობაზე, COVID-19-ის პანდემის დროს კი ჩვენ გავაფართოვეთ სერვისები, რომლებიც მიზნად ისახავს, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური მიმართულებით მხარდაჭერას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ UNFPA-ისთან თანამშრომლობით შეძლო ქვეყნის შვიდ მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთათვის, როგორც ჰიგიენური და სასურსათო ამანათების დარიგება, ასევე კორონა ვირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების და რჩევების გაზიარება.“ - ამბობს ნათია ლოლაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი.
იქამდე კი, სანამ მსოფლიო COVID-19-ს დაამარცხებს, შოთა ჩხვიმიანი კვლავ ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების წესებს და სხვა ხანდაზმულებსაც იმავეს ურჩევს: „რასაც ტელევიზიით ვისმენ და თქვენს მოტანილ ბროშურებში ვკითხულობ - ვუჯერებ. პირბადეს ვიკეთებ. ჩემს ვალდებულებად ვთვლი, რომ საკუთარ თავსაც გავუფრთხილდე და სხვასაც.“