პრეს-რელიზი

დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

17 მაისი 2021

წინამდებარე ერთობლივ განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

Caption: Photo: ILO

დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე.[1] ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

საქართველომ მიაღწია პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,[2] რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად - 2021 წელს. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, არ იშურებს ძალისხმევას რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებში ლგბტქი+ თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებას, ხელი შეეწყოს ლგბტქი+ საზოგადოებასთან დიალოგს, პრიორიტეტული პრობლემების განსაზღვრის და დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევების გამოძიების მონიტორინგის მიზნით. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით,3] მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიებს ლგბტქი+ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების საკითხებზე და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის მიერ ამ საკითხის მხარდაჭერის შესახებ განცხადებებს.

ბევრ მონაწილეს ეკისრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი, იმისათვის რომ კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი დაცვა ეფექტურად აისახოს ცრურწმენებსა და ძალადობაზე, რომლებსაც ლგბტქი+ პირები, ორგანიზაციები და მათი მოკავშირეები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით,[4] დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით.

საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას COVID-19-ის პანდემიის ყველაზე უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტ-კრიზისულ აღდგენას. პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის დაუცველი ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას.



[1] ლგბტქი+ თემის მიმართ არსებული საფრთხეები COVID-19 პანდემიის კონტექსტში. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი: https://www.ohchr.org/Documents/Issues/LGBT/LGBTIpeople.pdf

[2] საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (2014) - https://bit.ly/3bcThhv

[3] სახალხო დამცველის სპეციალური წლიური ანგარიში ,, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ" (2021 წლის 7 მაისი) https://bit.ly/3tyxbwp

[4] ,,რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლება და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული

იდენტობის საფუძველზე დაფუძნებული ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება დაფუძნებულია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ პირობაზე; ლგბტ პირები იმსახურებენ ამ დანაპირების შესრულებას”; ადამიანის უფლებათა ექსპერტების განცხადება ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (გაიმართება 2021 წლის 17 მაისს), https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=27091…

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით