გურული ჩაი: ტრადიციისა და ბიზნესის აღორძინება
ადგილობრივი მეწარმეების დამსახურებითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ქართული ჩაის მსოფლიო ასპარეზს უბრუნდება
ზუსტად არავინ იცის, ვის უნდა ვუმადლოდეთ ჩაის კულტურის დამკვიდრებას საქართველოში. ამ პატივს ვინ მე-19-ე საუკუნის ქართველ დიდგვაროვანს მიაწერს, ვინ - შოტლანდიელ კაპიტანს, რომელიც საქართველოში შავი ზღვით ჩამოვიდა და ხელს ჩაის ნერგებიც გამოაყოლა. ზოგიც ქართველი თავადის ამბავს ყვება, რომელმაც ჩაი ჩინეთიდან მალულად შემოიტანა და საქართველოში გააშენა.
თუმცა, პირველი ქართული ჩაის პლანტაციის ადგილმდებარეობაზე არავინ დაობს. გურიამ ქართული ჩაის აკვნის სახელი ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ დაიმკვიდრა. დღეს ამ დარგის აღორძინებაც სწორედ გურიაში იწყება.
მიხეილ ცინცაძე ჩაის მწარმოებელთა „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, იგი ლანჩხუთის ჩაის საწარმოს ინჟინერი გახლდათ. იმ დროს, საქართველო ჩაის წარმოებით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლასთან და 90-იანი წლების ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ჩაის წარმოებაც შეფერხდა და პლანტაციების უმეტესობა მიტოვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გურიაში ჩაის მოყვანის ტრადიცია მცირე ზომის შინამეურნეობების დამსახურებით შენარჩუნდა. ცინცაძეების ოჯახსაც ჩაის წარმოება კრიზისის დროს არ შეუჩერებია, ხოლო რამდენიმე წლის წინ ეს ოჯახური საქმიანობა სრულფასოვან ბიზნესად იქცა.
„ამჟამად ჩაის ცხრა სახეობას ვაწარმოებთ. მათ შორისაა ჩვენი ექსკლუზიური შავი ჩაი, რომელიც მოთავსებულია ლიმონის გამომშრალ ქერქში. შრობის ნელი პროცესის შედეგად, ეს ბურთულა კაკლის ზომამდე პატარავდება. ჩაის დასაყენებლად ცხელი წყლით სავსე ჩაიდანში უნდა მოათავსოთ. საუკეთესო შავი ჩაისა და ლიმონის ჩირის დახვეწილი არომატი შეუდარებელია“, - ამბობს მიხეილ ცინცაძე.
ფოტოს წყარო: ACT/UNDP
ცინცაძის კომპანია „ქართული არომატი“ ნედლი ჩაის ფოთლებს 80-მდე ადგილობრივი კერძო მწარმოებლისგან ყიდულობს და 15 თანამშრომელს ასაქმებს. ამით კომპანია ხელს უწყობს როგორც ტრადიციული დარგის აღორძინებას, ისე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
გურია ულამაზესი, თუმცა საკმაოდ გაჭირვებული მხარეა. რეგიონის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩაის წარმოებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს მის ეკონომიკურ აღდგენაში და საფუძველი ჩაუყაროს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის წარმატებას.
2019 წელს, გურიამ წამოიწყო ახალი ტურისტული პროექტი „ჩაის გზა“, რომელსაც ერთი წლის მანძილზე 2,000-ზე ტურისტი ესტუმრა. ისევე როგორც სხვა ტურისტული პროექტების შემთხვევაში, პანდემიამ თითქმის სრულად შეაჩერა „ჩაის გზის“ საქმიანობა და პროექტში ჩართული მცირე მეწარმეები მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა.
„პანდემია კიდევ უფრო რთული იქნებოდა ჩვენთვის, რომ არა ის დახმარება, რომლის მეშვეობითაც ეზოში გარე სივრცე მოვაწყეთ, სადაც ჩაის დეგუსტაციას ვატარებთ და ადგილობრივ პროდუქტებს ვყიდით“, - ამბობს მიხეილ ცინცაძე.
„ქართული არომატი“ იმ 29 მცირე საწარმოთა რიცხვშია, რომელთაც გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან საგრანტო დაფინანსება მიიღეს. ამ დახმარების შედეგად, ადგილობრივმა მეწარმეებმა „ლოქდაუნი“ გადაიტანეს, არსებული საქმიანობა შეინარჩუნეს და ახალი ბიზნესის წამოწყებაც შეძლეს.
მიხეილ ცინცაძემ თავისი სახლის ეზოში ჩაის სადეგუსტაციო ადგილი მოაწყო და სტუმრების მიღება პანდემიის დროს შემოღებული წესების დაცვით განაგრძო. ცინცაძის სადეგუსტაციო ფართს სხვა ადგილობრივი მწარმოებლებიც იყენებენ და აქ საკუთარ პროდუქციას ყიდიან.
ცინცაძის თქმით, ამ ინიციატივამ სხვა ბიზნეს იდეებსაც მისცა ბიძგი. „ქართული არომატის“ ახალი პროექტი კარალიოკის, კივის, ვაშლის, ფორთოხლისა და გრეიპფრუტის მაღალხარისხიანი ჩირის წარმოებაა, რომელიც არტიზანულ ჩაისთან ერთად ადგილობრივ მაღაზიებში გაიყიდება.
ცინცაძეს იმედი აქვს, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები თანდათან მოიხსნება და გურიის სოფლებს ტურისტები დაუბრუნდებიან.
1900 წელს, გურიის მთებში მოყვანილმა ჩაიმ საერთაშორისო პრიზები დაიმსახურა, ხოლო პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ოცწლიანი მივიწყების შემდეგ, ეს სახელგანთქმული ჩაის ბრენდი მსოფლიო ასპარეზს უბრუნდება, ხოლო მისი წარმატების გზა კვლავ გურიის ეზოებში იღებს სათავეს.