შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის
22 ივნისი 2021
სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებები, მათ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, შშმ პირებთან კომუნიკაცია, სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები - ამ და სხვა საინტერესო თემებს მოიცავდა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა (19-20 ივნისი 2021), რომელშიც იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) ადვოკატები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა UN OHCHR-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვმა: „UN OHCHR ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით შშმ უფლებების დაცვის სფეროში, თუმცა ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ პრაქტიკაში კიდევ ბევრი საკითხი დარჩა გადაუჭრელი. ამიტომ ვფიქრობ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ამ ადამიანების უფლებების სრულად რეალიზაცია ხდება. მჯერა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციას ისევე როგორც, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასა და ოქმს.“
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე გაიგეს მეტი შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკის შესახებ. საინტერესო როლური თამაშების მეშვეობით, მონაწილეებმა კარგად გაანალიზეს შშმ პირებთან ურთიერთობის სპეციფიკა და სტრესულ სიტუაციებში მათთვის ეფექტური დახმარების უზრუნველყოფის პროცესი.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილის, ნინო მელაძის აზრით წინამდებარე ტრენინგი დაეხმარება სამსახურის ადვოკატებს ყოველდღიურ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან კომუნიკაციისას და იურიდიული დახმარების გაწევისას.
„იურიდიული დახმარების სამსახურს 2021 წლის 1 იანვრიდან გაეზარდა მანდატი შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან მიმართებით. სამსახური უფლებამოსილია ამ პირების მომართვის შემთხვევაში წარმოადგინონ ისინი სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ადვოკატებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ შეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებთან და მათთან კომუნიკაციის უნარების ათვისება ხელს შეუწყობს ადვოკატებს ამ პირების უფლებების ეფექტურად დაცვაში.“ - განაცხადა ნინო მელაძემ.
აღნიშნული ტრენინგი „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამას რომელსაც გაეროს ექვსი სააგენტო (OHCHR, UNFPA, UNICEF, WHO, UNDP, UN Women) 2020 წლის დასაწყისიდან ახორციელებს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.