იუნისეფი და ევროკავშირი მთავრობას ეხმარება ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებაში
19 ივლისი 2021
შეხვედრის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა გაკეთდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველსაყოფად
გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა გაკეთდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველსაყოფად. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ეგიდით ჩატარდა.
ტექნიკური სემინარის მიზანი იყო არსებული მდგომარეობის განხილვა, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის დასაჩქარებლად მთავრობის მხარდაჭერა ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რელიგიური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ზოგადი მიმოხილვა, სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმარველობისა და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა თემის მმართველობაში დარჩენილ ბავშვთა დაწესებულებებში არსებული ვითარება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სკოლა-პანსიონებში არსებული ვითარება, ალტერნატიული ზრუნვის (მინდობითი აღზრდა, მცირე ზომის ბავშვთა სახლები) და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები, ბავშვთა მონიტორინგი ბავშვთა სახლებსა და ალტერნატიული ზრუნვის სფეროში, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ძირითადი მიმართულებები და შემდგომი ნაბიჯები.
"აღნიშნულ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და განვსაზღვროთ, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი თითოეული ბავშვისთვის." - ღასან ხალილი
„მზად ვართ, ევროკავშირთან პარტნიორობით ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ დიალოგს და მხარი დავუჭიროთ მთავრობას კონკრეტული გეგმების შემუშავებაში, თუ როგორ უზრუნველვყოთ ოჯახური გარემო ამჟამად ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვისთვის“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „აღნიშნულ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და განვსაზღვროთ, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი თითოეული ბავშვისთვის. მზად ვართ, დავეხმაროთ ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასებაში, რაც მათი ოჯახურ გარემოში გადასვლის საფუძველი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვის პარალელურად დაინერგოს თემზე დაფუძნებული და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რაც იქნება ინსტიტუციური მზრუნველობიდან გამოსული ბავშვების, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერის გარანტია“, დაამატა ბ-ნმა ხალილმა.
ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს, გაატაროს ყველა საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომა, ბავშვების, მათ შორის შეზღუდული შესაძებლობების მქონე ბავშვების, ინსტიტუციური ზრუნვის მინდობითი აღზრდით და სხვა ოჯახური და თემზე დაფუძნებული მომსახურებებით ჩასანაცვლებლად. საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა თანდათანობით დაიხუროს დიდი ზომის ინსტიტუციები.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა სახლში მყოფი ყველა ბავშვის უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და განვითარებას ყურადღებით აკვირდებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები და უზრუნველყოფილი იყოს მათზე ზრუნვის სათანადო ზომები. ბავშვის უფლებათა კოდექსი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების მნიშვნელობას როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე. ძლიერი ოჯახის მხარდამჭერი სერვისები აუცილებელია ყველა ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველსაყოფად და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეებზე სოცმუშაკებს საკვანძო როლი ენიჭებათ ხარისხიანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფაში.
იქ, სადაც წამყვანი როლი არ აქვს პრევენციულ და ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებებს, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი ალტერნატიული ზრუნვის ხარისხი ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვთა უფლებათა კონვენციას, ბავშვის უფლებათა კოდექსს, ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის სახელმძღვანელო წესებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებს.
იუნისეფი ევროკავშირთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ გატარებულმა რეფორმებმა მრავალი ბავშვისა და მათი ოჯახების ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები.