„სოფელი“ და „სოფლის მეურნეობა“ საქართველოში ყოველთვის ტოლფასი ცნებები იყო. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 40 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და თავის გატანას ფერმერობით ცდილობს, ეს გასაკვირი არაა. თუმცა, ბოლო 20 წლის მანძილზე, როდესაც საქართველომ პოსტ-საბჭოთა სტაგნაციას თავი დააღწია და საბაზრო ეკონომიკის სწრაფი განვითარება დაიწყო, სოფლის ცხოვრების ტრადიციულმა გააზრებამ როგორც მიმზიდველობა, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა ერთბაშად დაკარგა.
სოფლის მეურნეობა დაბალშემოსავლიანი სექტორია, რომლის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 8 პროცენტს არ აღემატება. მიუხედავად ამისა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შემოსავლის მთავარი წყაროს სწორედ სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, რაც, შესაბამისად, ხელს უშლის სოფლის მრავალმხრივ განვითარებას და სიღარიბის აღმოფხვრას. ბოლო დრომდე, საქართველოს სოფლის ცხოვრება უმეტესწილად ფერმერობით დაკავებული ოჯახების გამოცდილებით განისაზღვრებოდა, ხოლო სხვა მისწრაფებებისა თუ სურვილების მქონე ადამიანებს გასაქანი თითქმის აღარ რჩებოდა.
2017 წელს, საქართველომ სოფლის განვითარების ძირეული რეფორმა წამოიწყო, რომელიც სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. რეფორმის განხორციელების შედეგად, საქართველოს სოფელმა თანამედროვე ეკონომიკური დატვირთვა უნდა შეიძინოს, ხოლო სოფლის ცხოვრებაში ისეთი დარგები უნდა განვითარდეს, როგორიცაა მეწარმეობა, განათლება, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა.
რეფორმის განხორციელების პირველივე დღეებიდან, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად უჭერენ მხარს ამ უმნიშვნელოვანეს გარდაქმნას და ხელს უწყობენ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და სოფლად პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებას.
ამ დახმარების ფარგლებში, 2020 და 2021 წლებში, 9 მილიონი ლარის (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საგრანტო პროგრამა განხორციელდა, რომლითაც მთლიანობაში 80-ზე მეტმა მცირე მეწარმემ ისარგებლა. საგრანტო დახმარების მეშვეობით, სოფლად მომუშავე მეწარმეებმა შეძლეს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს პროექტების წამოწყება ან გაფართოება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე.
ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. გარდა ამისა, სოფლის განვითარების ინიციატივების დაფინანსებაში ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონული ხელისუფლებაც ჩაერთო, რამაც ადგილობრივი პროექტების სპექტრი კიდევ უფრო გაზარდა. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე, სადაც ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო სქემას ადგილობრივი მთავრობის დაფინანსებაც დაემატა. შედეგად, აჭარაში საგრანტო ხელშეწყობა 50-მდე ადგილობრივმა ბიზნეს-პროექტმა მიიღო.
„ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების ამბიციური და ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებას საქართველოში. ამ გარდაქმნის მიზანია მომავლის სოფლის მშენებლობა, სადაც ადამიანები სწავლის, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
“ხელს ვუწყობთ სოფლის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მაღალშემოსავლიანი ბიზნესის წამოწყებას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას ისე, რომ სოფლის განვითარება მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე არ იყოს დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა მიმართულებით გაიზარდოს და, სოფლად თუ ქალაქად, ამ განვითარების მიღმა არავინ დარჩეს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.
ისტორიები მომავლის სოფელზე: