მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
14 დეკემბერი 2022
ევროკავშირი და გაერო ქმნიან სადისკუსიო სივრცეს ადამიანის უფლებების შესახებ
ადამიანის უფლებების 2023-2030 წლების სტრატეგიის მომზადების პროცესში, ევროკავშირმა (EU) და გაეროს ორმა სააგენტომ - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) შექმნეს სადისკუსიო სივრცე, სადაც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა იმსჯელეს მიმდინარე რეფორმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის რეფორმაზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვასა და მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების უფლებებზე.
13 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია „ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის“, რომელშიც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საერთაშორის პარტნიორების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
კონფერენცია გახსნეს მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, და ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსმა; ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში; და ვლადიმირ შკოლნიკოვმა, ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა მრჩეველმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებებზე კონსტრუქციულ დისკუსიას გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგია და შემდგომი სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს ყველა სოციალური ჯგუფის, მათ შორის მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების უფლებებს. სტრატეგიაში ასევე უნდა იყოს ასახული შესაბამისი ნაბიჯები და გადაწყვეტები საქართველოში დისკრიმინაციასთან და გარიყულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად“.
კატალინ გერმანi, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსi
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვა საკვანძო ნაბიჯია იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებსაც უმცირესობათა ჯგუფები, განსაკუთრებით, ეროვნული და რელიგიური უმცირესობები და ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები აწყდებიან. კონფერენცია ხელს შეუწყობს პოლიტიკური რეფორმების დაგეგმვას და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის გზაზე".
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
„ადამიანის უფლებების ღირებულებების დათმობა დიდი რისკის წინაშე გვაყენებს, სადაც ან როდესაც არ უნდა მოხდეს ეს. ადამიანის უფლებების დაცვა იმ უმძიმესი კრიზისებიდან გამოსვლის გზაა, რომელსაც დღეს ვადევნებთ თვალს. ამრიგად, ყველს ქვეყნის მთავრობების, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა, პატივი სცენ ყველა ადამიანის უფლებებსა და ღირსებას, განურჩევლად მათი რასის, ფერის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, შესაძლებლობის, ასაკისა თუ სხვა მახასიათებლის. სტიგმას და ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე საქართველოში“, - განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა, ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა მრჩეველმა OHCHR-ის სამხრეთ კავკასიის ოფისში.
ვლადიმირ შკოლნიკოვი, ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსი მრჩეველი OHCHR-ის სამხრეთ კავკასიის ოფისში
კონფერენცია „ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის“ გაიმართა ადამიანის უფლებათა წლევანდელი კვირეულის ფარგლებში. კვირეულის აქტივობები საფუძველს ჩაუყრის ერთწლიან კამპანიას, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს ეძღვნება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
###
“ადამიანის უფლებები ყველასთვის” (HumanRights4All) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივაა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. ინიციატივას გაეროს ორი სააგენტო ახორციელებს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).