პრეს-რელიზი

კინოფესტივალი კასპში: ქართული ფილმები ქალთა უფლებების შესახებ

02 დეკემბერი 2022

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ქალაქ კასპსა და სოფელ ქვემო ჭალაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თემაზე შექმნილი ქართული ფილმების ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონა“. კინოფესტივალი ეხმიანება საერთაშორისო 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

საფესტივალო კინოჩვენება 2 დეკემბერს, კასპში, ქეთი მაჭავარიანის ფილმით „მზიური“ (2020) გაიხსნა. ორი წლის წინ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი პრემიერა კანადის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Hot Docs-ზე შედგა, სადაც „მზიურმა“ საპატიო აღნიშვნა დაიმსახურა.

3 დეკემბერს, კასპის კინოფესტივალი სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება, სადაც ორგანიზაცია „კონა“, ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარებით, ახალგაზრდულ ცენტრს აშენებს. კინოჩვენებას შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები და დევნილები დაესწრებიან.

ქალების როლი მნიშვნელოვანია როგორც მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ისე კინოს განვითარებაში. თუმცა ამ ორ სფეროს შორის კავშირი ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება. მოხარულები ვართ, რომ გაეროსთან ერთად, ხელს ვუწყობთ კასპის კინოფესტივალს, რომელიც ქართველ რეჟისორ ქალთა შემოქმედებას წარმოაჩენს. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ვგმობთ გენდერული ნიშნით ძალადობას და აქტიურად ვმუშაობთ ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში.“

კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე

კინოფესტივალი, რომელიც 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან ერთად, უკეთ გავიაზროთ ის გამოწვევები, რომლებსაც საქართველოში ქალები უმკლავდებიან, და ერთად დავაფასოთ რეჟისორ ქალთა შემოქმედებითი ხედვა. საქართველო სამართლიანად ამაყობს თავისი კინორეჟისორი ქალების მიღწევებით. სასიხარულოა, რომ თანამედროვე ქართველი კინემატოგრაფისტები ამ სახელოვან გზას ღირსეულად აგრძელებენ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ფილმების ჩვენება ხელს უწყობს კასპსა და ქვემო ჭალაში სოციალურ საკითხებზე მსჯელობას. ევროკავშირთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, მათ შორის, ციფრულ სერვისებსა და არაფორმალურ განათლებაზე წვდომის გაზრდის გზით.“

ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ქეთი მაჭავარიანის „მზიურის“ გარდა, კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ლანა ღოღობერიძის, ნანა ექვთიმიშვილისა და ნინო გოგუას ფილმები. კინოჩვენების შემდეგ, ქეთი მაჭავარიანი და ნინო გოგუა მაყურებლებს შეხვდებიან და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებენ.

 

###

საერთაშორისო 16-დღიანი კამპანიის მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 16-დღიანი კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღემდე გრძელდება. 

„EU4Dialogue: სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობას და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას ემსახურება. პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის ვებგვერდზე: https://bit.ly/3BIreEv.

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი
Tinatin Kandelaki

თინათინ კანდელაკი

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

EU
European Union
გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით