პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023

26 ივნისი 2023

ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადმიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით, ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დაცვას სწავლობენ

ოცდახუთი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთო ადამიანის უფლებების ხუთდღიანი საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რომელიც 19-23 ივნისს ყვარელში გაიმართა. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადმიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობ აქტივობებს, რამაც ერთმანეთის გაცნობისა და ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მისცა ახლგაზრდებს. საზაფხულო სკოლის მსვლელობაში გამართულ შეხვედრებსა და სემინარებზე შედგა ღია და გულწრფელი მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე, გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე საჯარო სივრცესა და ოჯახებში, და ახალგაზრდების როლზე სამოქალაქო ინტეგრაციის  პროცესში. მონაწილეები ასევე გაეცნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნულ მექანიზმებს და იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის პერსპექტივებზე როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.

„განათლება ხელსაწყოებსა და რესურსებს აძლევს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ეფექტიანად დაიცვან ადამიანის უფლებები. ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლას ჩვენი უფრო ფართო ხელშეწყობის ფარგლებში, რომელიც თანასწორობის, ჩართულობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას ემსახურება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

“გვჯერა, რომ უფლებადამცველების ახალი თაობის გაზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. აღტაცებულები ვართ ახალგაზრდების მოტივაციით, სათანადოდ დაიცვან ადამიანის უფლებები და უკეთესობისკენ შეცვალონ თავისი ქვეყანა”, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

„გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მხარს უჭერს კანონის უზენაესობის გაძლიერების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრას საქართველოში. მიმდინარე ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლის მონაწილეებო, თქვენ ფლობთ ძალას გაააქტიუროთ ცვლილებები და ხელი შეუწყოთ უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ახალგაზრდების ენერგია ძალზედ საჭიროა იმ პასუხისმგებლობის შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და რაც ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას გულისხმობს.” - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა საზაფხულო სკოლის მონაწილე ახალგაზრდებთან საუბრისას.

ადამიანის  უფლებების ყოველწლიური საზაფხულო სკოლა იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, ფარგლებში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ მხრივ არსებული ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება. 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას გაეროს ორი სააგენტო ახორციელებს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადმიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

 

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით