პრეს-რელიზი

გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტი აცხადებს, რომ  საქართველოში ციხეების სისტემა მოდერნიზაციას საჭიროებს

18 ოქტომბერი 2023

ჟენევა (2023 წლის 18 ოქტომბერი)

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების წინააღმდეგ ბრძოლისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების საქმეში, მაგრამ საჭიროა დამატებითი ზომები პატიმართა რიცხვის შემცირების, პერსონალის გაფართოებისა და სარეაბილიტაციო პროგრამის გასაძლიერებლად, ციხეების სისტემის 21-ე საუკუნის სტანდარტებამდე მიყვანისათვის, განაცხადეს გაეროს წამების პრევენციის ექსპერტებმა ქვეყანაში პირველი ვიზიტის შემდეგ.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მივესალმებით ხელისუფლების მიერ არასათანადო მოპყრობისაგან დაცვისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ სხვადასხვა რეფორმას“, - თქვა მასიმილიანო ბაგალინიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) დელეგაციის ვიზიტს ქვეყანაში 8-დან 14 ოქტომბრამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას, საქართველოს პატიმართა რაოდენობა კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს თავისუფალ მოსახლეობასთან მიმართებაში“, - თქვა ბაგალინიმ და დასძინა, რომ „პატიმართა რაოდენობის შემცირებისათვის აუცილებელია დაკავებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების ალტერნატიული ზომები“.

 

„ციხის თანამედროვე  სისტემა განსაკუთრებულად მოითხოვს რეაბილიტაციაზე ყურადღების გამახვილებას. ასევე უნდა გაიზარდოს პერსონალის რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას როგორც ციხის თანამშრომლების, ასევე დაკავებულების ცხოვრების სათანადო ხარისხი“, - განაცხადა მან.

დელეგაციამ მოინახულა სხვადასხვა ციხე, დროებითი მოთავსების იზოლატორი და პოლიციის განყოფილება. SPT-ის ექსპერტებმა ჩაატარეს კონფიდენციალური ინტერვიუები ამ დაწესებულებებში დაკავებულებთან, პერსონალთან და სამედიცინო დარგის თანამშრომლებთან.

დელეგაციამ ასევე გამართა დისკუსია მთავრობის მაღალჩინოსნებთან და საქართველოს ეროვნული მონიტორინგის ორგანოსთან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის (პემ/NPM) სახელით. მისიის მსვლელობისას დელეგაციამ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად ვიზიტები განახორციელა ციხესა და დროებითი მოთავსების დაწესებულებაში.

„პემ-ი საქართველოში სისტემატიურად და პროფესიონალურად ახორციელებდა მონიტორინგს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მონაწილე სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს და გააფართოვოს მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს მექანიზმი საკმარისი რესურსებით, რაც მას თავისი პრევენციული მანდატის სტაბილურად რეალიზაციის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ბაგალინიმ.

SPT აკონტროლებს, თუ როგორ ასრულებენ სახელმწიფოები, რომლებმაც მოახდინეს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) რატიფიცირება, თავიანთ ვალდებულებებს, მათ შორის დამოუკიდებელი ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნის მიმართულებით. საქართველომ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება 2005 წელს მოახდინა.

SPT საქართველოს მთავრობას წარუდგენს კონფიდენციალურ ანგარიშს, თავისი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით თავისუფლებააღკვეთილ პირთა წამებისა და მათდამი არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ. როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში, SPT მოუწოდებს საქართველოს, გაასაჯაროოს SPT-ს ანგარიში.

SPT-ს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: მასიმილიანო ბაგალინი, დელეგაციის ხელმძღვანელი (იტალია), იაკუბ ჩეპეკი (პოლონეთი), იულია კოზმა (ავსტრია) და მარია ლუიზა რომერო (პანამა) და დელეგაციას თან ახლდა სამდივნოს სამი თანამშრომელი.

დასასრული

 

დამატებითი ინფორმაციისა და მედიის მოთხოვნებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჟენევაში:

არმენ ავეტისიანს მისამართზე Armen.Avetisyan@un.org ან

ვივიან კვოკს მისამართზე
vivian.kwok@un.org ან

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მედია-განყოფილებას მისამართზე ohchr-media@un.org

 

წინაისტორია:

წამების პრევენციის ქვეკომიტეტი აკონტროლებს მონაწილე სახელმწიფოების მიერ წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის დაცვას, რომელიც დღემდე რატიფიცირებულია 93 ქვეყნის მიერ. ქვეკომიტეტი შედგება 25 წევრისაგან, რომლებიც წარმოადგენენ მთელი მსოფლიოდან მოწვეულ ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელ ექსპერტებს და მოქმედებენ  ინდივიდუალური მანდატის ფარგლებში და არა როგორც მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები.

ქვეკომიტეტს აქვს მანდატი ვიზიტით ეწვიოს სახელმწიფოებს, რომლებმაც მოახდინეს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და ამ ვიზიტების დროს მას შეუძლია მოინახულოს ნებისმიერი ადგილი, სადაც პირებს შეიძლება თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი და დაეხმაროს ამ სახელმწიფოებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საქმეში. ქვეკომიტეტი თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს აწვდის სახელმწიფოებს კონფიდენციალური ანგარიშების მეშვეობით და მოუწოდებს ამ ქვეყნებს ანგარიშების გასაჯაროებისაკენ.

 

სახელშეკრულებო ორგანოს სისტემისა და

წამების პრევენციის ქვეკომიტეტის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი ჩვენი ვიდეოების მეშვეობით.

თვალყური ადევნეთ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებს სოციალურ მედიაში!

ჩვენ ვართ Twitter-ზე @UNTreatyBodies

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით