გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
08 დეკემბერი 2023
საქართველოში გაეროს შეზღუდულ შესაძლებლობათა ინკლუზიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი (GUNDIG) და საქართველოში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციები (OPDs) მიღწეულ პროგრესს და გამოწვევებს განიხილავენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს შეზღუდულ შესაძლებლობათა ინკლუზიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა (GUNDIG) საქართველოში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციები (OPDs) მოიწვია დღემდე მიღწეული პროგრესის აღნიშვნისა და იმ გამოწვევების განსახილველად, რომლებიც ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნას აფერხებს.
შეხვედრაზე სადისკუსიო სივრცე შეიქმნა გაეროს სააგენტოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის, სადაც მათ ერთმანეთს იდეები და გეგმები გაუზიარეს მიღწეული შედეგების მდგრადობის მხარდასაჭერად.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა დისკუსია გახსნა და დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც დღემდე არის მიღწეული შშმ პირთა უფლებების წარმოჩენის მიმართულებით.
„ჩვენ მივესალმებით აქამდე მიღწეულ პროგრესს შშმ პირთათვის უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და გამაძლიერებელი გარემოს შექმნის მიმართულებით“, - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. „მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას შშმ პირებთან მჭიდრო პარტნიორობით, რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას. ჩვენ რეალურ შედეგს უნდა მივაღწიოთ შშმ პირთა უფლებების განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ ისეთ განვითარებას, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის ყველა ადამიანისთვის“.
საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პრიორიტეტული სფეროები და კონკრეტული ნაბიჯები შშმ პირთა დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად საქართველოში.
ღონისძიებაზე პრეზენტაციები გააკეთეს ნუცი ოდიშარიამ გაეროს მოსახლეობის ფონდიდან (UNFPA), ქეთევან მელიქაძემ გაეროს ბავშვთა ფონდიდან (იუნისეფი), სოფიო ბენაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიდან (OHCHR) და ელისო ჩაბრავამ გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP). აღნიშნულ მოხსენებებში ყურადღება გამახვილდა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე, ხარისხიანი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების მისაწვდომობაზე, სადაც აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და გენდერული ძალადობა, მონაცემთა მართვა, შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერება და მონაწილეობა, შშმ ქალების და ახალგაზრდების, ასევე შშმ პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება გადაწყვეტილების მიღებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.
შშმ პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო აქტიურად მოქმედება და მეტი ვალდებულების აღება შშმ პირთა უფლებების წარმოჩენისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობისთვის, ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) განხორციელების მონიტორინგი საქართველოში. ეს კი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან“ (IDPD) დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მიერ გავრცელებულ გზავნილს ეხმიანება, სადაც „მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ შშმ პირებთან გვერდიგვერდ იმუშაოს, რათა თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული გადაწყვეტები შეიმუშაონ და სისრულეში მოიყვანონ ყველა ქვეყანასა და საზოგადოებაში“.
ღონისძიებამ კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა განახლებული ძალისხმევისა და პარტნიორობისთვის, რომლის მიზანია მიღწეული იქნას ამბიციური მიზნები: „ერთიანი ქმედება მდგრადი განვითარების მიზნების შენარჩუნებისა და მიღწევისთვის შშმ პირებისთვის, მათთან ერთად და მათ მიერ“, რაც წელს „შშმ პირთა საერთაშორისო დღის“ თემას წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკვე სამ ათწლეულზე მეტია, რაც ხელს უწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას ქვეყანაში. აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში საკანონმდებლო ბაზა გაძლიერდა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გარემოს შეიქმნა „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) და მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. გაეროს დახმარება მიმართული იყო ხარისხიანი ინტეგრირებული ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სისტემების გაუმჯობესებაზე, ამას გარდა, მონაცემთა შეგროვებისთვის, მონიტორინგისა და ადვოკატირებისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გაერომ წარმატებული როლი ითამაშა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სისტემის ტრანსფორმაციაში, შშმ პირთა საუკეთესო ინტერესებზე ფოკუსირებით. ამჟამად ორი ერთობლივი პროგრამა ხორციელდება „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის“ (UNPRPD) მხარდაჭერით, რომელთა მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში.