გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
18 ივნისი 2024
2024 წლის 18 ივნისი
სიძულვილის ენა არის დისკრიმინაციის, სასტიკი მოპყრობის, ძალადობის, კონფლიქტისა და კაცობრიობის წინააღმდეგაც კი ჩადენილი დანაშაულის ნიშანი. გვინახავს მსგავსი ფაქტები ნაცისტური გერმანიის, რუანდის, ბოსნიასა და სხვა ქვეყნების მაგალითზე. სიძულვილის ენის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია და მის სრულად აღმოსაფხვრელად ყველამ უნდა ვიმოქმედოთ.
დღეს სიძულვილის ენა ადამიანთა ჯგუფების ფართო სპექტრისკენ არის მიმართული, ხშირად რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, რწმენისა თუ პოლიტიკური კუთვნილების საფუძველზე. ბოლო თვეებში გაიზარდა გავლენიანი ლიდერების მხრიდან ანტისემიტური და ანტიმუსლიმური სიძულვილის ენის გამოყენება როგორც ონლაინსივრცეში, ისე– საჯარო კომენტარებში. სიძულვილის ენა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქალების, ლტოლვილების, მიგრანტების, განსხვავებული გენდერისა თუ ტრანსგენდერებისა და უმცირესობათა მიმართ. სიძულვილის ენის გამოყენება მასობრივად გაზრდილია ციფრული პლატფორმებითა და ინსტრუმენტებით, რის წყალობითაც ის სცდება საზღვრებსა და კულტურებს.
საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, აღკვეთონ და ებრძოლონ სიძულვილის წაქეზებას და ხელი შეუწყონ მრავალფეროვნებას, ურთიერთგაგებასა და სოლიდარობას. მათ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა და შეასრულონ ეს ვალდებულებები და, იმავდროულად, მიიღონ ზომები სიტყვის თავისუფლების შეასანარჩუნებლად და სხვადასხვა უმცირესობისა და თემების დასაცავად.
სიძულვილის ენასთან დაკავშირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს აღნიშნული სენის როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე – შედეგების აღმოფხვრას. ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამზადებს ინფორმაციის მთლიანობის (გლობალურ) პრინციპებს, რომლებიც იქნება გზამკვლევი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.
ვინაიდან ახალგაზრდები ხშირად არიან სიძულვილის ენის მსხვერპლი, განსაკუთრებით ონლაინსივრცეში, ისინი ამ პრობლემის გადაწყვეტის პროცესის ნაწილი უნდა იყვნენ. განსაკუთრებით გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების, მკვიდრი მოსახლეობის, უმცირესობათა თემების, ლგბტქი+ ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია სიძულვილის ენისგან თავისუფალი საჯარო და ონლაინსივრცეების შესაქმნელად.
მთავრობებს, ადგილობრივ ხელისუფლებებს, რელიგიურ, კორპორაციულ და თემის ლიდერებს აკისრიათ ვალდებულება, ინვესტიცია განახორციელონ ტოლერანტული, მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად და ნებისმიერი ფორმის სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნით შეგვიძლია ყველამ ერთობლივი ძალისხმევით მხარი დავუჭიროთ ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის, წინასწარ შექმნილი აზრისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს.