გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვიდეომიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით
10 დეკემბერი 2024
10 დეკემბერი 2024
10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი დღევანდელ დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვას ავრცელებს:
„დღეს ჩვენ ადამიანის უფლებების დღეს ავღნიშნავთ და ამიტომ, მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ჩვენი უფლებები.
ადამიანის უფლებები ადამიანებზეა.
თქვენზე და თქვენს სიცოცხლეზე: საჭიროებებსა და სურვილებზე, თქვენს იმედებზე დღევანდელი დღისა და მომავლის შესახებ. უსაფრთხო საცხოვრისზე, საკვებსა და სუფთა წყალზე. ჯანდაცვაზე. განათლებაზე, ღირსეულ სამუშაოსა და არსებობისთვის საჭირო მინიმალურ ხელფასზე, რომლითაც ღირსეულად ცხოვრება შეიძლება. მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
ეს თქვენი უფლებებია. ისინი ეხება იმას, ვინ ვართ და როგორ ვცხოვრობთ.
ადამიანის უფლებების დაცვა ყველა იმ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც საკუთარი ხალხს ემსახურება.
ადამიანის უფლებები არ არის აბსტრაქტული იდეა, ისინი არ უკავშირდება რომელიმე იდეოლოგიას და არ შეიძლება იყოს რომელიმე ელიტურ კლუბში მსჯელობის საგანი.
ადამიანის უფლებები იმ მარტოხელა დედაზეა, რომელიც სამ ადგილას მუშაობს, რომ შვილებს განათლება მისცეს. იმ ბავშვზეა, რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებიდან შველას ითხოვს. იმ პოეტზეა, რომელიც ხელისუფლების კრიტიკის გამო დააპატიმრეს. და იმ პენსიონერზეა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ტრამვების გამო, საკუთარ ბინაშია სამუდამოდ გამოკეტილი.
ადამიანის უფლებები იმ თემებისთვისაა, რომლებიც მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებულ მიწაზე ცხოვრობენ.
უსახლკარო ახალგაზრდებზე და გლობალიზაციის მიერ მიტოვებულ მშრომელებზე.
ადამიანის უფლებები აძლევენ ხმას და შესაძლებლობას გარიყულებსა და მივიწყებულებს.
ყველა ჩვენთაგანისთვისაა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ვინც თავს დაუცველად გრძნობს, ვისაც შია, დაბნეულია, შეშინებული, ძალაგამოცლილი და სურს, რომ უკეთ იცხოვროს.
ადამიანის უფლებები არც ერთი პარტიის, ან მსოფლიოს რომელიმე რეგიონის საკუთრება არაა.
ისინი ყველა ჩვენთაგანს და ყველა თქვენთაგანს ეკუთვნის. .
დღეს, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რეპუტაცია შეულახონ და პატივი აყარონ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს - ახალ განსაზღვრებებს იგონებენ და ძირს უთხრიან მათ - თვალში ნაცარს გვაყრიან.
ეს არის ყურადღების გადატანის პოლიტიკა.
მე მესმის რატომაც აკეთებენ ამას. ადამიანის უფლებების დაცვა მარტივი, მაგრამ ძლევამოსილი იდეაა, რომელიც უამრავ ადამიანს აძლევს ძალას დაიცვან საკუთარი თავი და ამით საფრთხე შეუქმნან ავტოკრატებს, პოპულისტებსა და ყველა ჯურის ავოტრიტარს.
წინა თაობებმა ბრძოლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე ადამიანის უფლებები და ბევრი შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას.
ხმის მიცემის უფლება. პროტესტის უფლება, მუშაობის და თანაბარი ანაზღაურების უფლება ქალებისთვის. უფლება იმისა, რომ გვხედავდნენ, გვისმენდნენ და ანგარიშს გვიწევდნენ.
ჩვენმა წინამორბედები ქუჩაში, პარლამენტებსა და სასამართლოებში იბრძოდნენ კოლონიალიზმისა და აპარტეიდის, დისკრიმინაციის, უთანასწორობის, მონობისა და რასიზმის წინააღმდეგ.
მათ ააგეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა და ამით გააუმჯობესეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი.
ადამიანები მედეგები ვართ.
როდესაც ყველაზე დიდი დაბრკოლების წინაშე დგებიან, ადამიანები პოულობენ ძალას გადალახონ განსხვავებები და გაერთიანდნენ.
დღეს, ჩვენი სამყაროსთვის მძიმე დროებაში, ბევრი თქვენთაგანი ისევ ბრძოლაშია - ბუნებისთვის, ქალთა უფლებებისთვის და მშვიდობისთვის.
ადამიანის უფლებებს სრულად რეალიზებამდე კიდევ ბევრი უკლია. ამას მრავალი მტკიცებულებაც მოწმობს.
ამიტომ, გთხოვთ, ნუ გადაუხვევთ ამ გზიდან. მობილიზდით, გამოიყენეთ თქვენი ხმა როგორც მოქალაქეებმა და როგორც ამომრჩევლებმა.
მოძებნეთ და დაუკავშირდით ერთმანეთს, რათა გაერთიანდეთ იმ ძლევამოსილ სოციალურ მოძრაობებად, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი და მომავალი თაობების უფლებების დაცვაში.
მოუწოდეთ თქვენს ლიდერებს უზრუნველყონ თანასწორობა, სამართლიანობა და მშვიდობა - და დაიცვან თქვენი ყველა უფლება.
ადამიანის უფლებათა დღეს, ისევე როგორც ყოველდღე - თქვენს გვერდით მიგულეთ ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, ყველგან.“
#OurRightsOurFuture
#HumanRightsDay