პრეს-რელიზი

საქართველო: გაეროს ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადამიანის უფლებების ფართო დარღვევით

13 დეკემბერი 2024

13 დეკემბერი, ჟენევა

 

გაეროს ექსპერტებმა* დღეს დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში, რადგან მთავრობა ცდილობს ქვეყანაში სპონტანური სახალხო პროტესტის ჩახშობას.

„ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მთავრობისა  და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სტიგმატიზაციისა და დაშინების მიზნით." - განაცხადეს ექსპერტებმა. 

ფართო საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამას სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი პასუხი მოჰყვა. ყოველდღიურად ვრცელდებოდა სურათები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ნიღბიანი პოლიციელების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების შესახებ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ბოროტად გამოყენებით. საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, მიუხედავად დემონსტრანტების მხრიდან გარკვეული ტიპის ძალადობის ცალკეულ შემთხვევების გამოყენების შესახებ ანგარიშებისა, რომელიც ძირითადად პოლიციისმიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ ხდებოდა. 

2024 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში მონაწილე 357 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველმა 327 დაკავებული პირი მოინახულა, 225-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-მა კი დაზიანებებზე მიუთითა. აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სასამართლოებში ასამართლებენ. თუმცა, სახელმწიფო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები სრულია დაუსჯელია.

„ჩვენ ზრდადი შეშფოთებით ვაკვირდებოდით, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეზღუდა სივრცე გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების, შეკრების და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ქვეყანაში, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ პირველად წარადგინა კანონპროექტი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ,“- განაცხადეს ექსპერტებმა. „თუმცა უახლესი დარბევის შედეგად, მთავრობა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ საპროტესტო აქციების შეზღუდვების გაზრდის მიზნით შეიცვლება. 

,,სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა უნდა დაეფუძნოს,“ - აცხადებენ ექსპერტები. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური მომხსენებლები მუდმივ კონტაქტზე არიან საქართველოს ხელისუფლებასთან. მათ ხელისუფლებას შეახსენეს წინა კომუნიკაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მათ შორის გაუზიარეს გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2024 წლის მარტის ანგარიში ადამიანის უფლებადამცველთა შესახებ. სპეციალური მომხსენებლები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

 

*გაეროს ექსპერტები არიან: მარი ლოულორი, უფლებადამცველების მდგომარეობაზე საგანგებო მომხსენებელი, ჯინა რომერო, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაზე საგანგებო მომხსენებელი, ირენ ხანი, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საგანგებო მომხსენებელი.

გაეროს საგანგებო მომხსენებლები არიან ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო პროცედურების ნაწილი. საგანგებო პროცედურები - გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის დამოუკიდებელ ექსპერტთა უდიდესი უწყება არის საბჭოს ფაქტების დამდგენი და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების საერთო სახელწოდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ ცალკეული ქვეყნის სპეციფიკურ სიტუაციებსა და თემატურ საკითხებზე. საგანგებო პროცედურების ექსპერტები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე. ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს თავიანთი საქმიანობისთვის. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობისა და ორგანიზაციისგან და მსახურობენ ინდივიდუალურ საფუძველზე


 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით