ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს
27 იანვარი 2025
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის მიმართვა
წელს ჰოლოკოსტის დასრულებიდან ოთხმოცი წელი აღინიშნება.
ჩვენ იმ ექვს მილიონ ებრაელს ვგლოვობთ, რომლებიც ნაცისტებმა და მათმა კოლაბორაციონისტებმა დახოცეს, როცა ისინი ამ ადამიანების სრულიად განადგურებას ცდილობდნენ.
ჩვენ ვგლოვობთ ბოშებს და სინტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ყველა იმ სხვა ადამიანს, რომლებიც მონად აქციეს, ვისაც სდევნიდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ.
ჩვენ ამ მსხვერპლების, გადარჩენილი პირების და მათი ოჯახების გვერდით ვდგავართ.
და კვლავ ვიძლევით განახლებულ დაპირებას, რომ მათ არასოდეს დავივიწყებთ.
ჩვენი მეხსიერებიდან ჰოლოკოსტის გაქრობა წარსულის უპატივცემულობა და მომავლის ღალატი იქნებოდა.
ხსოვნა მორალური აქტია. და ეს ასევე ქმედებისკენ მოწოდებაცაა.
ჰოლოკოსტის ისტორიის ცოდნა არის იმის გაგება, თუ რამდენად დაბლა შეიძლება დაეცეს კაცობრიობა...
გაგება იმისა, თუ როგორ შეძლეს ნაცისტებმა თავიანთი საზარელი დანაშაულების ჩადენა, სხვების თანამონაწილეობით...
და იმის გაცნობიერება, რომ თითოეულ ჩვენგანს საპატიო მოვალეობა გვეკისრება - სიძულვილის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე დავდგეთ ყველა ადამიანისთვის.
ჰოლოკოსტის ჯოჯოხეთის დასრულების შემდეგ ქვეყნები გაერთიანდნენ. და მათ ყველა ადამიანის ღირსება „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“ ასახეს. რთულ პერიოდებში, ეს დოკუმენტი მანათობელ სხივად რჩება.
ჰოლოკოსტის დასრულებიდან 80 წლის შემდეგაც კი, ანტისემიტიზმი ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას - გაღვივებული იმავე სიცრუით და სიძულვილით, რამაც შედეგად ნაცისტური გენოციდი მოიტანა.
და ეს უფრო და უფრო იზრდება.
დისკრიმინაცია ფართოდ ვრცელდება...
სიძულვილი მთელს მსოფლიოში ღვივდება …
უტყუარი ისტორიული ფაქტების დამახინჯება, შემცირება და უარყოფა ხდება…
და ნაცისტების და მათი კოლაბორაციონისტების გადაფასების და რეაბილიტაციის მცდელობებსაც ვხედავთ.
ჩვენ ამ უმსგავსობას წინ უნდა აღვუდგეთ.
ახლა, განხეთქილებით აღსავსე დღეებში - და მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გავიდა ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული საზარელი ტერორისტული თავდასხმიდან - ჩვენ საერთო ჰუმანურობის პრინციპი მტკიცედ უნდა დავიცვათ.
ჩვენ უნდა დავგმოთ ანტისემიტიზმი - ზუსტად ისევე, როგორც უნდა დავგმოთ რასიზმის, მიკერძოების და რელიგიური ფანატიზმის ყველა ფორმა.
და უნდა განვაახლოთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ყველა ადამიანის ღირსებას და ადამიანის უფლებებს დავიცავთ.
სწორედ ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მამოძრავებელი ძირეული პრინციპები.
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ – და ამ ბრძოლაზე არასოდეს არ ვიტყვით უარს.