საქართველომ უნდა გამოიძიოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება დემონსტრაციების დროს: ექსპერტები
28 იანვარი 2025
ჟენევა – 28 იანვარი 2025
დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა* დღეს საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართულ პროტესტებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათადამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ისე უნიფორმისა დაამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მიერ“, – განაცხადეს ექსპერტებმა.
მათ აღნიშნეს, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და მომიტინგეებისთვის, ასევე დაკავებულებისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებასა და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უტოლდებოდეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს შემთხვევები შესაძლოა ერთეულ ინციდენტებს არ წარმოადგენდეს და მითითების გამცემთა პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდეს,“ – განაცხადეს ექსპერტებმა.
არსებობს სარწმუნო ცნობები იმის შესახებ, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა ქიმიური საშუალებები. გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის არაერთი პირი არის თავისა და სახის მძიმე ტრავმებით.
არაერთი მომიტინგე დააკავეს და მათ არ მიეცათ ადვოკატთან შეხვედრის საშუალება ან ოჯახის წევრებისთვის საკუთარი ადგილსამყოფელის შეტყობინების შესაძლებლობა. „ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მრავალი დაკავებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, ისინი რამდენიმეჯერ და ხანგრძლივად სცემეს, დაემუქრნენ გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების დამტვრევით და არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო დახმარება“, –აღნიშნეს ექსპერტებმა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების გამოძიება. „დღემდე, ამ გამოძიებას არ მოუტანია ხელშესახები შედეგი, მაშინ როდესაც მრავალი მომიტინგე კვლავ პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადეს ექსპერტებმა.
„იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მძიმეა ეს მოვლენები, ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტიან გამოძიებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართება“, – განაცხადეს ექსპერტებმა. „თვითნებურად დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ყველამ, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, უნდა მიიღოს სათანადო მკურნალობა.“
ექსპერტებმა კიდევ ერთხელ აღნიშეს, რომ სამართალდამცავი ძალების მხრიდან ძალის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, წინასწარი გაფრთხილების და არადისკრიმინაციის პრინციპებს და უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათ აღნიშნეს, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.
„ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, გაგვაცნოს კონკრეტული ზომები, რომლებიც მიღებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციისთვის, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებებისა და დაკავების ადგილებში“, – განაცხადეს ექსპერტებმა.
ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობას უკვე მისწერეს და გააგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს.