ლგბტქი+ თემის უფლებები მეტ ყურადღებას საჭიროებს როგორც COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში
17 მაისი 2020
17 მაისი 2020, თბილისი
წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.
დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ჩვენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.[1]
წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება. ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.
ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და შემოსავლისა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა.
ამ ვითარების გათვალისწინებით, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რაც ადამიანის უფლებების საბჭოს და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მეშვეობით ხორციელდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.
თუმცა არსებული გამოწვევა მიმდინარე კრიზისის ფარგლებს სცილდება. ამ დღეს გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს[2] იმ დისონანსთან დაკავშირებით, რომელიც შეიმჩნევა საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთებასა ადამიანის უფლებების დაცვისა და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში და იმ რუტინულ სტერეოტიპებსა და ძალადობას შორის, რომელსაც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
მივესალმებით მას შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის 2020 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს.
ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე[3] შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა. თუმცა პასუხისმგებლობა ამით არ ამოიწურება. რელიგიურ და სათემო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოში ტოლერანტობის კლიმატის შექმნის საქმეში.
COVID-19-მა საქართველოს საუკეთესო მხარეები გამოავლინა, დაგვანახა ადამიანების სოლიდარობა, მათი მზაობა, იმოქმედონ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს სულისკვეთება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ მრავალფეროვნებაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემზეც გავრცელდება, რაც ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.
ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვხედავთ საქართველოს მომავალს, სადაც განვითარების მიღმა არავინ დარჩება.
[1] ლგბტქი+ თემის მიმართ არსებული საფრთხეები COVID-19 პანდემიის კონტექსტში. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი: https://www.ohchr.org/Documents/Issues/LGBT/LGBTIpeople.pdf
[2] 2019 წლის 17 მაისს გავრცელებული განცხადება: http://www.ungeorgia.ge/eng/news_center/media_releases?info_id=680#.XrzG1EQzY2y
[3] შესაბამისი რეკომენდაციები მოყვანილია 2019 წლის ანგარიშში, რომელიც მოამზადა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში (https://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/41/45/Add.1), და ასევე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016805cf40a