პრეს-რელიზი

საერთაშორისო საზოგადოების განცხადება საქართველოში ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ

17 მაისი 2019

17 მაისი, 2019. თბილისი.

წინამდებარე განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა, და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ.

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან[1] დაკავშირებით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას. 

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით.  გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა არაერთი საერთაშორისო კონვენცია იქნა რატიფიცირებული, რომლებიც ისევე კრძალავენ დისკრიმინაციას ლგბტ+ თემის მიმართ, როგორც რასის, სქესის, რელიგიის, ან პოლიტიკური რწმენის საფუძველზე იკრძალება დისკრიმინაციული მოპყრობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ასევე იღებს  სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელების უფლებების დაცვის ვალდებულებას.

ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებები თვალსაჩინოა.

აღსანიშნავია, უკანასკნელ  წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით  მიღწეული პროგრესიც. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და დეპარტამენტის მიერ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის მიზნით გატარებული სამუშაოები.

თუმცა, ლგბტ+ თემის ყოველდღიური რეალობა, ხშირად შორსაა  სამართლებივი გარანტიებისაგან. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მარტო მათი ფუნდამენტური უფლებები, არამედ ხდება თემის წევრების საზოგადოებიდან გარიყვა და მათი მოწყვლადობის გაზრდა.

ლგბტ+ თემის წევრების უფლებრივი მდგომარეობა აღბეჭდილია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის[2] თანახმად, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები დისკრიმინირებულნი არიან სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.  2018 წელს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ძალადობა (ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური) და დისკრიმინცია ლგბტ+ პირების წინააღმდეგ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული“.[3] ევროპის საბჭოს ევროპული კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ 2016 წლის მოხსენებაში საქართველოს შესახებ[4] ასევე დაფიქსირებულია სიძულვილის ენისა და ძალადობის არსებობა ლგბტ+ თემის მიმართ.

მსგავსი დასკვნები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს განახორციელონ მტკიცე ქმედებანი, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობა იქცეს რეალობად  და თითოეული ადამიანს საქართველოში - მათ შორის ლგბტ+ ადამიანებს - შეეძლოთ საკუთარი უფლებების სრულფასოვანი განხორციელება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კულტურული, რელიგიური თუ მორალური შეხედულებები - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ იზიარებს უმრავლესობა - ვერასდროს იქნება ადამიანის უფლებების შელახვის გამართლება. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მოვუწოდებთ შეიქმნას ყოვლისმომცველი სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ტოლერანტობის სწავლებაზე   გაკეთდება. და ბოლოს, მოვუწოდებთ უზრუნველყოფილ იქნეს  ლგბტ+ ადამიანების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუბრკოლებლად გამოყენება.[5]

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა, გამოვთქვამთ მზადყოფნას დავეხმაროთ პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, პოლიტიკურ ლიდერებს, რელიგიურ და სათემო ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ფართო საზოგადოებას, ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესრულებაში და მრავალფეროვნების ღირებულებაზე დაყრდნობილი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც ეთანხმება მდგრადი განვითარების სულისკვეთებას -  არავინ ყურადღების მიღმა.

 

 

 

[1] თარიღი აღნიშნავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 29 წლის წინ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოღებას. გადაწყვეტილება მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგად 1990 წლის 17 მაისს იქნა მიღებული.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018

[3] https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=23682&LangID=E

[4] https://rm.coe.int/fourth-report-on-georgia-georgian-translation-/16808b5775

[5] ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი იხილეთ: https://www.ohchr.org/Documents/Issues/Discrimination/Joint_LGBTI_Statement_ENG.PDF

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით