საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი
„გაეროს ბავშვთა ფონდი“ ეხმარება საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის ტრანსფორმაციასა და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებების ოპტიმიზაციაში. კვლევა „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი: შშმ ბავშვების თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები” შემუშავდა „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის მიერ და მისი მიზანია საჭირო მტკიცებულებების მოპოვება შეზღუდული შესაძლებლობის მხარდამჭერი სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რაც ამჟამად ხორციელდება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით. ამგვარი მტკიცებულებები უმნიშვნელოვანესია დახმარების ისეთი პაკეტის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ინდივიდზე უფრო მეტად მისადაგებულ მხარდაჭერის სისტემასთან ბავშვების საჭიროებების მორგებას.
ანგარიშში მოცემული ინფორმაცია გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ოჯახის მიერ შშმ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ის დამატებითი ხარჯები, რაც გამოწვეულია შშმ ბავშვის კომუნიკაციის, გადაადგილების, სკოლაში სიარულის, სოციალიზაციის, თანატოლებთან თამაშის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სხვა აქტივობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების ღირებულებით.
კვლევის საბოლოო მიზანი იყო ინფორმაციის მოგროვება საზოგადოებაში შშმ ბავშვის თანასწორი მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯების დიაპაზონსა და ტიპებზე. ინფორმაციის მოსაგროვებლად მოხდა საზოგადოებაში შშმ ბავშვის სრული მონაწილეობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების, ასევე - ბავშვების არსებულ გარემოში მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიმდინარე და საჭირო ხარჯების აღრიცხვა.
კვლევის ამოცანა იყო სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობისა და მხარდაჭერის სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი დამატებითი საგნებისა და მომსახურებების გამოვლენა. შემდეგ, მკვლევარები შეეცადნენ საჭირო საგნებისა და მომსახურებების ხარჯების დაახლოებითი ფარგლების დაანგარიშებას სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობისა და დახმარებების საჭიროებების სხვადასხვა დონის მქონე ბავშვებისთვის.