ბუნებასთან ჰარმონიაში
მდგრად მომავალზე ზრუნვა ეკოტურიზმის, ბიო-ფერმერობის და მწვანე ენერგიის მეშვეობით მაჭახელას ეროვნულ პარკში
მაჭახელას ეროვნული პარკი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვალწარმტაც მთიან რეგიონში მდებარეობს, 2012 წელს დაარსდა, იუნესკოს მემკვიდრეობად აღიარებული კოლხური ტროპიკული ტყეების შენარჩუნების მიზნით. გარდა იმისა, რომ პარკი ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს, ის ასევე უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ეკოტურიზმის განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის აღმასვლისთვის საქართველოში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა აჭარაში სტუმრობისას საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ ცვლის მაჭახელას ხეობაში მცხოვრები 3,000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრებას ისეთი მწვანე პრაქტიკები, როგორიცაა ბიო-ფერმერობა, განახლებადი ენერგია და ეკოტურიზმი. აღნიშნული ინიციატივები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელობით და სხვადასხვა დონორის, მათ შორის, ევროკავშირის, იაპონიის, ჩეხეთის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ხორციელდება, ადგილობრივ მოსახლეობაზე გრძელვადიან ზეგავლენას ახდენს.
მაჭახელას ეროვნული პარკი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ არის შესაძლებელი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე მიმართული ძალისხმევის შერწყმა თემის განვითარებასთან, რაც აჩვენებს, რომ გარემოს დაცვა სასარგებლოა როგორც ადამიანებისთვის, ისე ბუნებისთვის.
ბიოენერგია თხილის ნაჭუჭისგან
ლეილა კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში დაწყებითი სკოლის მასწავლებელია და ბევრი თანასოფლელის მსგავსად, პროფესიულ საქმიანობას მცირე ბიზნესის საქმიანობასაც უთავსებს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით. მას პატარა საოჯახო კაფე აქვს, საიდანაც ხეობაზე გასაოცარი ხედები იშლება.
„ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ საქმე სწრაფად მიიწევს წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პატარა კაფე მალე კარგ საოჯახო სასტუმროდ გადაიქცევა,“ - აღნიშნა ლეილამ მშენებლობის დათვალიერებისას.
ლეილა მაჭახელას ხეობის იმ მაცხოვრებლებს შორის იყო, ვინც სახლებში ენერგოეფექტური ღუმელები დაამონტაჟა და განახლებადი ენერგიის გამოყენება დაიწყო, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
2017 წელს, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვანე ტექნოლოგიები აითვისა. ნოვატორობა ყოველთვის ადვილი როდი აღმოჩნდა; თავიდან მეზობლებმაც არ დაუჭირეს მხარი. ადგილობრივი თემი ძალიან იყო დამოკიდებული ტრადიციულ მეთოდებზე, როგორიცაა ხე-ტყის მოპოვება. თუმცა, დროთა განმავლობაში, თითქმის ყველა ოჯახში იკლო სკეპტიციზმმა და მათ კონსერვაციის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიწყეს. ამ ინიციატივის ფარგლებში, სოფელში უკვე თითქმის ყველა ოჯახმა დაამონტაჟა მზის პანელები, რომლებიც წყლის გამაცხელებელი სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს. შეშის მაგივრად, ახლა უკვე ისინი ენერგოეფექტურ ღუმელებს მოიხმარენ და ზამთარში გათბობისთვის ბიომასას იყენებენ. ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვის შედეგად, ლეილას და სხვა მაცხოვრებლებს გათბობის ხარჯები შეუმცირდათ, რამაც მათი საერთო ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მდგრადი გახადა.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიზიტისას, ლეილამ აღნიშნა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ალტერნატიულ საწვავზე გადასვლის შემდეგ. „პირველ რიგში შეშის ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყარო - ბიომასა, ენერგოეფექტური ღუმელი და მზის პანელები მეხმარება, რომ ზამთარში სახლში უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ტემპერატურა და მუდმივი ცხელი წყალი, რაც ამავდროულად გათბობის წლიურ ხარჯებს ამცირებს. ჩვენი ხეობისთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე საფარი არ ზიანდება, და ტყეები რჩება ხელუხლებელი“, – ამბობს ლეილა.
მაშინ, როცა განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლით გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია თანხის დაზოგვა, მზის პანელების და ენერგოეფექტური ღუმელების ყიდვასა და დამონტაჟებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯები შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს ზოგი ოჯახისთვის, ვინც მსგავსი ცვლილებების განხორციელებას აპირებს. UNDP-ის მხარდაჭერით ამ ბარიერების დაძლევა უფრო მეტად შესაძლებელი ხდება.
გზა კეთილდღეობისკენ
გიორგი სალვარიძე ახალგაზრდა მეწარმეა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ცხემლარადან, რომელიც აჭარისთვის დამახასიათებელი მდიდარი ფლორით არის გამორჩეული. თავის ფესვებთან ღრმა კავშირის გამოძახილი იყო ის, რომ გიორგიმ ორი უძველესი ხელობა აირჩია: მეფუტკრეობა და მეღვინეობა. მან საქმიანობა რამდენიმე სკით და პატარა ვენახით დაიწყო, თუმცა, დაუღალავად შრომობდა თავისი მეურნეობის გასაფართოებლად.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, გიორგიმ გადამზადება გაიარა და ტექნიკური დახმარება მიიღო თავისი მეფუტკრეობის კოოპერატივისთვის „ფუტკარა“, ასევე, მას ბევრი სხვადასხვა ჯიშის ყურძენიც გადაეცა თავისი ვენახისთვის.
დღეს გიორგი სხვადასხვა სახის, მათ შორის,წაბლის ნოყიერ თაფლს აწარმოებს და ისეთ ადგილობრივ ცნობილ ღვინოებს ამზადებს, როგორიცაა ჩხავერი და ცოლიკოური, რითაც სწრაფად იხვეჭს პოპულარობას.
„მადლიერები ვართ, რომ მაჭახელას ხეობაში ასეთი პროექტები განხორციელდა. მეფუტკრეობა და მეღვინეობა მარტო შემოსავლის წყარო როდია; ეს აჩვენებს, რომ დადებითი ცვლილება შესაძლებელია, თუნდაც ერთ პატარა სოფელში“, - ამბობს გიორგი.
თავისი სახლის მწვანე პეიზაჟების ფონზე გიორგი აცნობიერებს, რომ მისი საქმიანობა არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებაა, არამედ მემკვიდრეობის გაფრთხილებაა, რაც სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს. „ეს პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, კეთილდღეობას აუმჯობესებს და ჩვენი თემის ხალხს ეხმარება, რომ თავიანთ ფესვებს არ მოსწყდნენ“, - აღნიშნავს გიორგი.
გიორგის სამეწარმეო გზა მხოლოდ ახლა იწყება. მის გეგმებში შედის აგროტურიზმის განვითარება და სტუმრების მოზიდვა, რათა ისინი თავისი სოფლის ბუნებრივ და კულტურულ საგანძურს აზიაროს.
წინაპრების კვალდაკვალ
აჭარის მთების გულში, სადაც ცამდე აზიდული მცენარეები თვალს ახარებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში თქვენ უნიკალური გლემპინგის გამოცდილება და გემრიელი ღვინო გელით. ამირან მალაყმაძის განთქმული „ილიას მარანი“ ათსაუკუნოვან ისტორიას ითვლის.
ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას, ამირან მალაყმაძე მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავისი ოჯახის მეღვინეობის ტრადიციის შენარჩუნება. მან წარმატებით აღადგინა წინაპრების მარანი, თავისი მამა-პაპის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე იზრუნა და ისტორიული ადგილი გამოაცოცხლა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, ამირანმა ღვინის სადეგუსტაციო სივრცე მოაწყო და სცადა, რომ ეს ადგილი პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებად ექცია.
როგორც ამირანმა რეგიონში ვიზიტისას დიდიე ტღებიუკს, გაეროს მუდმივ კოორდინატორს განუცხადა, სწორედ UNDP-ის დახმარებამ მისცა მას სტიმული, რომ თავის სოფელში ბიზნესი წამოეწყო. მისი ეკო-მეურნეობა თანდათან ფართოვდება და ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს სთავაზობს. თავის შვილთან, ილიასთან ერთად, ოჯახი ასევე გლემპინგის კოტეჯებს ამუშავებს, საიდანაც გარშემო გასაოცარი პეიზაჟი იშლება. თითოეული საცხოვრებელი ისეა დაპროექტებული, რომ ბუნებასთან ჰარმონიას ინარჩუნებს, ამავდროულად კი სტუმრებს თანამედროვე კომფორტს და გემრიელ აჭარულ სამზარეულოს სთავაზობს.
ერთად აღებული, გლემპინგი და „ილიას მარანი“ დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის აჭარაში - ეს არის ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთანაა გადაჯაჭვული. ეს კი უკეთესი მომავლის იმედს ბადებს ამ მთიან რეგიონში.
„ილიას მარანს“ 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
------------
მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსების შემდეგ, UNDP-მ ტექნიკური დახმარება გაუწია მცირე ფერმერებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ამასთან, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა პირუტყვის დაზღვევის პროგრამა და ელექტროღობეების დამონტაჟება, მნიშვნელოვნად შეამცირა მტაცებლებისგან მიყენებული ზარალი, რაც დიდი მხარდაჭერა იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. UNDP-ის მხარდაჭერით, ოჯახებისთვის ენერგოეფექტური ღუმელები და მზის პანელები დამონტაჟდა მაჭახელას ეროვნულ პარკში. საოჯახო სასტუმროების გახსნით დაინტერესებული პირები ტურიზმის მართვის საკითხებზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ და სტარტაფის მხარდაჭერა მიიღეს. 2022 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, მაჭახელას ეროვნული პარკის შუაგულში განახლებული საგამოფენო დარბაზი გაიხსნა, რომელიც პარკის მდიდარ ისტორიას და უნიკალურ ბუნებას წარმოაჩენს.
მაჭახელას ეროვნულ პარკში UNDP-ის საქმიანობა საქართველოსთვის გამოყოფილი უფრო ფართომასშტაბიანი დახმარების ერთ-ერთი ნაწილია, რომლის მიზანია მწვანე გადაწყვეტების მოძიება და განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებში გარემოსდაცვითი საკითხების განუყოფლად ინტეგრირება.