პრეს-რელიზი

ომისა და გმირობის სამი წელი

25 თებერვალი 2025

თბილისის უკრაინული სახლი პატივს მიაგებს უკრაინელი ხალხის თავდადებასა და სიმტკიცეს 

უკრაინაში მიმდინარე ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად, თბილისის უკრაინულმა სახლმა, თავის მეგობრებთან, მხარდამჭერებსა და მოსარგებლეებთან ერთად, პატივი მიაგო უკრაინელი ხალხის თავდადებასა და სიმტკიცეს დამანგრეველი ომის პირისპირ. 

ემოციური, მაგრამ ამავდროულად მომავლის რწმენითა და იმედით სავსე ღონისძიება, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა. 

ღონისძიება გახსნა უკრაინული სახლის დრამატული სტუდიის თეატრალურმა წარმოდგენამ. მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიღეს ხელოვნების მასტერკლასში და საკუთარი ხელით შექმნეს ტრადიციული უკრაინული თოჯინები, რომლებიც ოჯახის ერთიანობას, სიუხვეს, სიკეთესა და მომავლის იმედს განასახიერებენ. აქვე გაიმართა  უკრაინელი ოსტატებისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების სტუმრებმა ხელმოწერები დატოვეს უკრაინის დროშაზე და მხარდაჭერის ჩანაწერები გააკეთეს უკრაინასთან სოლიდარობის წიგნში.

„თქვენი თანადგომა სიმტკიცესა და ძალას მატებს უკრაინელ ხალხს. თბილისის უკრაინული სახლი იმედის, გამძლეობისა და ადამიანური კავშირების სივრცეა“, - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმისა და თბილისის უკრაინული სახლის ხელმძღვანელმა.

გაეროს განვითარების პროგრამამ და უკრაინულმა სახლმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინული სახლის მდგრადობას და უკრაინელი ლტოლვილებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების შექმნას.

„უკრაინული სახლი დახმარებასა და სერვისებს სთავაზობს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, სიამაყით გავაგრძელებთ ამ ჰაბის მხარდაჭერას“, - განაცხადა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

„თბილისის უკრაინული სახლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეა ათასობით უკრაინელი ლტოლვილისთვის. გერმანია უკრაინის და მისი ხალხის ყველაზე დიდი და მტკიცე მხარდამჭერია ევროპაში“, - აღნიშნა ესთერ ლენა ვაგნერმა, გერმანიის ელჩის მოადგილემ საქართველოში.

 

დამატებითი ინფორმაცია:

თბილისის უკრაინული სახლი 2023 წლის სექტემბერში, გერმანიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით გაიხსნა. მას შემდეგ, მისი სერვისებით 4,485 ადამიანმა, მათ შორის 3,517 ქალმა ისარგებლა. უკრაინულ სახლში გაიმართა 480 კულტურული და სოციალური ღონისძიება და შეიქმნა რეფერალური სისტემა, რომლის მეშვეობით უკრაინელი ლტოლვილები ინფორმაციას იღებენ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სერვისების შესახებ.

უკრაინული სახლი უფასო სამუშაო სივრცეს სთავაზობს უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოხალისეთა ჯგუფებს, რომლებიც ლტოლვილებს ეხმარებიან. გარდა ამისა, ეს კულტურული თანამშრომლობის ჰაბია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.

თბილისის უკრაინული სახლის ხელშეწყობა ხორციელდება გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც კანონის უზენაესობასა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას ემსახურება. 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით