პრეს-რელიზი

ევროკავშირმა და FAO-მ 3 მილიონი ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს

29 დეკემბერი 2020

 

020 წელს, ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 84 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს. საგრანტო კონკურსი COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მიზნად სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პროდუქტიულობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მდგრადი წარმოების მხარდაჭერას ისახავს.

საგრანტო თანადაფინანსება ისეთი კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გაიცა, როგორიცაა ნიადაგის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, მეცხოველეების ფერმებისთვის განკუთვნილი დანადგარების, რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა-დამონტაჟება და ა.შ. ამავდროულად, კლიმატგონივრული და ხარჯის დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვის მიზნით, FAO-მ და ევროკავშირმა წვლილი შეიტანეს ისეთი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების შესყიდვა-გავრცელებაში, როგორიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები.

უკვე გაცემული სამი მილიონის გარდა, დეკემბერის თვეში კიდევ 18 ბენეფიციარს დაუმტკიცდა 2,6 მილიონი ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება, რომელთა გაცემა ამჟამად მიმდინარეობს.

ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული საგრანტო თანადაფინანსებით სარგებლობენ, როგორც ფერმერები და ფერმერული შიმეურნეობები, ასევე კოოპერატივები და მცირე და საშუალო მეწარმეები. საგრანტო თანადაფინანსებები გაიცემა შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, თეთრიწყარო,   ლაგოდეხი, მარნეული, ნინოწმინდა,  ყვარელი, სიღნაღი, წალკა, ყაზბეგი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

გაბრიელ ძებისაშვილი, ფერმერი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.  მესაქონლეობასთან ერთად, რომელიც ძებისაშვილის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს, ფერმერი, მიწათმოქმედებასაც მისდევს. მას 200 ჰექტრამდე მიწაზე ქერი და შვრია მოჰყავს. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო კონკურსში მიღებული თანადაფინანსებით, გაბრიელმა ახალი ტრაქტორი შეიძინა.

„FAO - ევროკავშირის პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, შევძელი ჩემი მეურნეობის გაფართოება. უკვე დავასაქმე რამდენიმე ადამიანი და აგრარულ სეზონზე კიდევ უფრო მეტს დავასაქმებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ფერმერს ვურჩევ, ჩაერთოს ამ პროგრამაში“, - ამბობს ბენეფიციარი.

სანამ გაბრიელი სამომავლო სეზონის გეგმებს აწყობს, გოჩა სუჯაშვილმა, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად ათწლეულებია ყაზბეგში თაფლს აწარმოებს, საგრანტო პროგრამის დახმარებით, მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა. ფერმერს სჯერა, რომ ახალი შენაძენის წყალობით, მეტი წარმატების მიღწევას შეძლებს.

 „აღარ მომიწევს მძიმე ფიზიკური შრომა. დროსაც დავზოგავ და ფულსაც. დაზოგილ დროს ჩემს ოჯახს დავუთმობ, ხოლო  ფულით მეურნეობის გაფართოებას ვაპირებ“, - ამბობს მეფუტკრე. 

ევროკავშირის და FAO-ს გრანტები გაიცემა, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ მწარმოებლებზე. თანადაფინანსების ოდენობა 1000-დან 150,000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. მსხვილი მეწარმეების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა ინვესტიციის 60%-ს შეადგენს.

ევროკავშირისა და FAO-ს დახმარება საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდში ხორციელდება, მაშინ როდესაც, COVID-19 პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. FAO-ევროკავშირის პროგრამების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი ხაზს უსვამს ფერმერების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას: „ჩვენი გვჯერა, რომ ევროკავშირის და FAO-ს საგრანტო მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაფართოება და ფერმერთა დანახარჯის შემცირება; ასევე, ფერმერთა შემოსავლის ზრდა ეკოლოგიური, თანამედროვე და კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მიდგომების დანერგვით. საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა მწარმოებლებს სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებზე წვდომას გაუიოლებს და პანდემიის პირობებში, ფერმერული მეურნეობების მდგრადობას უზრუნველყოფს“. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება, საქართველოში ENPARD-ის ძირითადი მიზანი - სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროა.

Sophio Altunashvili

სოფო ალთუნაშვილი

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
კომუნიკაციის ოფიცერი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით