პრეს-რელიზი

მომავალი ინკლუზიურია!

14 ივნისი 2021

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ამბროლაურში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა

 

Caption: Nino Zedginidze/UNDP

სოფელ სადმელში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) გაიხსნა უნიკალური ცენტრი, რომელიც ორმოცდაათზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოემსახურება. ცენტრის მეშვეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას და რეაბილიტაციის პროგრამების გავლას. სოციალური ინკლუზიის ცენტრი ასევე შექმნის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სივრცეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ხანდაზმულთათვის.

ცენტრში ფუნქციონირებს სპეციალიზებული სპორტული დარბაზი, ფიზიოთერაპიის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, პროფესიული გადამზადების კლასი და სტამბა. ცნობილი მხატვრის მუსია ქებურიას მოხატულმა კედლებმა სოციალური ინკლუზიის ცენტრი ადგილობრივ ღირშესანიშნაობად აქცია.

სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ თანამშრომლობით. ცენტრის მოწყობაში ჩართულები იყვნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

სოციალური ინკლუზიის ცენტრის პროექტს ასევე მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და პოლონეთის საელჩოებმა. მათი ხელშეწყობით, ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით. მომავალში, მის ტერიტორიაზე გაიხსნება სათბური, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ცენტრის პერსონალს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების დამატებითი შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

12 ივნისს, ამბროლაურს ეწვივნენ UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა, ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა და პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი. სოციალური ინკლუზიის ცენტრის გახსნას ასევე დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მერი ზვიად (დავით) მხეიძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა ლომაძე.

ცენტრის ეზოში გამართულ ფერად და ხალისიან ღონისძიებას შეუერთდნენ ამბროლაურისა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, თუმცა მათი გარიყულობა და მარგინალიზება კვლავაც შესამჩნევია. ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად, აუცილებელია ვიზრუნოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეძლოთ თანასწორი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების ცხოვრებაში, ხოლო მათი უფლებები ყველგან და ყოველთვის იყოს დაცული. ამბროლაურში, ჩვენ წარვადგენთ სოციალური ინკლუზიის უნიკალურ მოდელს, რომელიც მორგებულია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე, ასევე ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, რაც კარს უხსნის ადამიანებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას,“ - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვამ.

სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი სრულად ინკლუზიური გარემოსა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნამდე.

„ამბროლაურის ცენტრი კარგი მაგალითია, რომელიც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებმაც უნდა გაიზიარონ“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.      

ამბროლაურის სოციალური ინკლუზიის ცენტრის ხელშეწყობა განხორციელდა გაეროს ფართომასშტაბიანი, 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. პროგრამაში ჩართულია გაეროს ექვსი სააგენტო, ხოლო მის დაფინანსებას გაეროს მდგრადი განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.   

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს  მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი
Tinatin Kandelaki

თინათინ კანდელაკი

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით