პრეს-რელიზი

​​​​​​​ ხელს ვუწყობთ ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში

21 ივნისი 2021

ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში საქართველოს 200-მდე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) სამხრეთ კავკასიაში უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს ადამიანის უფლებების კუთხით სხვადასხვა საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ცოდნის ამაღლებას, მათ შორისაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის საკითხები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნით დისკრიმინაცია.

სწორედ ამ მიზნით 2021 წლის 12-21 ივნისის პერიოდში, ევროკავშირის (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროგრამის ადამიანის უფლებები ყველასათვის-მეორე ფაზა ფარგლებში ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები განხორციელდა, რომელშიც საქართველოს 200-მდე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა (საქართველოს პარლამენტი; იუსტიციის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პროკურატურა;  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველი; იურიდიული დახმარების სამსახური; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია).

საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმებისთვის გამართული ინტერაქტიული სასწავლო პროგრამა მრავალ საკითხს მოიცავდა, მათ შორის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევათა დოკუმენტირების სტანდარტი, ე.წ. სტამბოლის პროტოკოლის ღრმად გაცნობა და ანალიზი, ექიმების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გასაუბრების წარმოება და დაზიანებების დოკუმენტირება.

ამ ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, რუსუდანი მიიჩნევს, რომ ამგვარი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, პრაქტიკოსი ექიმებისთვის. “ბევრი ვისაუბრეთ  ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან სწორად წარმართული გასაუბრების მნიშვნელობის შესახებ. დეტალურად გავეცანით წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევათა დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, რასაც აქტიურად გამოვიყენებთ პრაქტიკაში შემთხვევათა დოკუმენტირების დროს.“ - მან აღნიშნა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი იურისტების ტრენინგის დროს, დეტალურად იქნა განხილული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და გასაჩივრების მექანიზმები, ასევე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი (მედიაცია) და ადვოკატის როლი ამ პროცესში.

ვიდეო მასალისა და პრაქტიკული კაზუსების გამოყენებით მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენელთა ტრენინგი, სადაც განხილული იყო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები (მათ შორის რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა სახის მიკერძოების საუძველზე) და მათი ინდიკატორები, დისკრიმინაციის სახეები, სიძულვილის ენა, ისევე როგორც ამ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები/მექანიზმები.

„სახელმწიფოზე დაკისრებული ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის სრულყოფილად  შესრულებისთვის, ჩვენთვის, პრაქტიკოსი მუშაკებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კანონის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედება. ამიტომ ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარება, სპეციფიკურად სხვადასხვა დანაშაულებების კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრასა და შესაბამისად ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების სწორად წარმართვაში,“ - აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

.

„ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, UN OHCHR ხელს უწყობს ადამინის უფლებების სისტემისა და პოლიტიკის გაძლიერებას; ხელისუფლების სხვადახვა შტოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების - ადამიანის უფლებების კუთხით - პროფესიული ცოდნისა და უნარების ამაღლებას.“ აღნიშნა UN OHCHR-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

ევროკავშირის  და გაეროს ერთობლივი პროგრამის ადამიანის უფლებები ყველასათვის-მეორე ფაზა მიზანია საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვა ქვეყნის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად

Meri Makharashvili

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
Communications Specialist

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით