პრეს-რელიზი

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ქალის დაცვა გენდერული და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობისგან

11 ნოემბერი 2021

ჟენევა (2021 წლის 11 ნოემბერი) — გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

 

კანონდარღვევის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW)  გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იგი უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა.

ჯეირანოვას, ეთნიკურად აზერბაიჯანელსა და საქართველოს მოქალაქეს, ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდა ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.

მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო.

თუმცა, პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მას შემდეგ რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა. 

გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი "სამარცხვინო" და "უკადრისი“ საქციელის გამო.

„ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი“, - განაცხადა კომიტეტის წევრმა გენოვევა ტიშევამ.

„საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, - დასძინა მან.

კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. მან საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ქ-ნი ჯეირანოვას შვილებისთვის. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობას, ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას. გარდა ამისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად, და ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.

 

დასასრული

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და ჟენევაში მედია მოთხოვნებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ვივიან კვოკს +41 (0) 22 917 9362 / vivian.kwok@un.org ან გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მედია განყოფილებას +41 (0) 22 928 9855 / ohchr-media@un.org

 

ზოგადი ინფორმაცია:

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი  მონიტორინგს უწევს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის  აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დაცვას, რომელშიც დღეისათვის 189 სახელმწიფო მონაწილეობს. კომიტეტი შედგება 23 წევრისგან მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან, რომლებიც არიან ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტები ქალთა უფლებების საკითხებში და რომლებიც მოქმედებენ პირადი სახელით და არა როგორც მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის  აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმი  საშუალებას აძლევს კომიტეტს მიიღოს და განიხილოს საჩივრები ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირებისგან ან პირთა ჯგუფებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი არიან. დღეისათვის 114 სახელმწიფომ მოახდინა ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ან მიურთდა მას. ინდივიდუალურ შეტყობინებებთან დაკავშირებით კომიტეტის შეხედულებები და გადაწყვეტილებები წარმოადგენს სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამოუკიდებელ შეფასებას.

 

შეიტყვეთ მეტი ჩვენი ვიდეოებიდან სახელშეკრულებო ორგანოთა სისტემაზე და CEDAW-ზე

თვალი ადევნეთ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებს სოციალურ მედიაში!

მოგვძებნეთ:  Twitter @UNTreatyBodies

 

 

 

 

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით