პრეს-რელიზი

გაერო-ს გენერალური მდივნის გზავნილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

27 იანვარი 2024

2024 წლის 27 იანვარი

დღეს ჩვენ ვგლოვობთ იმ ექვს მილიონ ებრაელ ბავშვს, ქალსა და მამაკაცს, რომელსაც ნაცისტები და მათი კოლაბორაციონისტები სისტემატურად კლავდნენ - და ვწუხვართ ბოშებისა და სინტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალი სხვა ადამიანის გამო, რომელსაც დევნიდნენ და ხოცავდნენ ჰოლოკოსტის დროს.

ჩვენ პატივს ვცემთ მათ ხსოვნას.

გადარჩენილების, მათი ოჯახებისა და შთამომავლების გვერდით ვდგავართ.

პირობას ვდებთ, რომ არასოდეს დავივიწყებთ სიმართლეს მომხდარის შესახებ, და არც სხვებს მივცემთ ამის უფლებას.

და ვაღიარებთ იმ საშინელ რეზონანსს, რომელსაც ეს ხსენების დღე ჩვენს დროში ჰპოვებს.

ანტისემიტური სიძულვილი, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიწვია, ნაცისტებით არ დაწყებულა და არც მათი დამარცხებით დასრულებულა.

დღეს, ჩვენ, სიძულვილის საგანგაშო სისწრაფით გავრცელების მომსწრენი ვართ.

ინტერნეტში მან „მინდვრებიდან“ მეინსტრიმში გადმოინაცვლა.

მაგრამ სწორედ ამ დღეს უნდა გვახსოვდეს, რომ:

სხვისი დემონიზაცია და მრავალფეროვნების მიმართ ზიზღი ყველას უქმნის საშიშროებას.

რომ არცერთი საზოგადოება არ არის დაცული შეუწყნარებლობისა და უარესისგანაც კი.

და რომ ადამიანთა ერთი ჯგუფის მიმართ ფანატიზმი ყველას მიმართ ფანატიზმია.

დაუვიწყარია გაერთიანებული სამეფოს ყოფილი მთავარი რაბინის, ჯონათან საქსის, ნათქვამი: „სიძულვილი, რომელიც იწყება ებრაელებით, არასოდეს მთავრდება ებრაელებით“.

ასე რომ, დღეს, განსაკუთრებით 7 ოქტომბერს ჰამასის საზარელი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილისა და განხეთქილების გამომწვევ ძალებს.

ყოველთვის და ყველგან, სადაც ვხვდებით, ცალსახად უნდა დავგმოთ ანტისემიტიზმი, ისევე, როგორც უნდა დავგმოთ ყველანაირი რასიზმი, ცრურწმენა და რელიგიური ფანატიზმი და მათ შორის, ანტიმუსლიმური სიძულვილი და ძალადობა ქრისტიანული უმცირესობების მიმართ.

არასოდეს გავჩუმდეთ დისკრიმინაციის წინაშე და არასოდეს ვიყოთ შემწყნარებლები შეუწყნარებლობის მიმართ.

ხმა ავიმაღლოთ ყველა ადამიანის უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

არასოდეს დავკარგოთ ჰუმანურობა ერთმანეთთან მიმართებაში და არასოდეს მოვადუნოთ ყურადღება.

მკაფიოდ ვუთხრათ ყველას, ვინც ცრურწმენებსა და დევნას ებრძვის: თქვენ მარტო არ ხართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თქვენს გვერდითაა.                                                                                                                 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით