რეალობაზე დაფუძნებული თამაში
ადიდებული წყალი ქალაქის ქუჩებს ტბორავს. ადამიანები თავს უსაფრთხო ალაგს აფარებენ. სახიფათო ქვესტი იწყება!
ეს რეალობაა თუ თამაში? ეს ორივეა - ამბობს 15 წლის სალომე ნონიაშვილი, ონლაინ თამაშის, „სურამულას“ ერთ-ერთი ავტორი. ამ თამაშის გამოყენებით, სალომე ცდილობს მოუყვეს ადამიანებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ წყალდიდობის დროს.
სალომეს მშობლიური კასპის მუნიციპალიტეტი კლიმატურ გამოწვევებს მუდმივად ებრძვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით მწირი და უსაფრთხო მდინარე სურამულა ნაპირებიდან გადმოდის და დამანგრეველ ძალად გარდაიქმნება. სალომეს მიერ მოფიქრებული ვირტუალური თამაში, რომელშიც რეალური წყალდიდობის ფოტოები და ვიდეო-კადრებია გამოყენებული, სწორედ სურამულას წყალდიდობის გამოცდილებას ეფუძნება.
თამაშის მონაწილეებმა თავი ვირტუალურ წყალდიდობას უნდა დააღწიონ, რისთვისაც მათ სრულიად რეალურ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.
"თავშესაფარი მაღალ შენობებში უნდა ეძებო. ასვლისას სხვადასხვა საფრთხეებს აწყდები, რაც თამაშს კიდევ უფრო აზარტულს და საინტერესოს ხდის."
სალომე ნონიაშვილი, კლიმატის ელჩი და ონლაინ თამაშის "სურამულა"-ს ერთ-ერთი ავტორი
„სურამულა“ უკვე ხელმისაწვდომია სათამაშო პორტალ Roblox-ზე, თუმცა მისი გავლენა ვირტუალური სამყაროს საზღვრებს სცილდება. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულმა თამაშმა ბიძგი მისცა საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში სალომე ნონიაშვილისა და მისი მეგობრების ინიციატივით გაიმართა.
2023 წლის შემოდგომაზე, კასპელი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები ჩატარდა, რომელთა მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდა და მწვანე მეწარმეობის პოპულარიზაცია. შეხვედრებში 50-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ბევრმა ახალგაზრდამ აქტიურად დაიწყო ფიქრი კლიმატგონივრულ მომავალზე და მწვანე გადაწყვეტების მოძიებაზე.
ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი შენგელია
განათლებიდან ქმედებამდე: ახალგაზრდა კლიმატის ელჩები
„სურამულას“ შექმნის იდეა სალომე ნონიაშვილმა 2023 წლის ზაფხულში, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ბანაკში ყოფნისას მოიფიქრა. სალომესთან ერთად, ბანაკის მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილე ჩაერთო. ბანაკში შექმნილი მეგობრული და შემოქმედებითი გარემო საუკეთესო სივრცე აღმოჩნდა ამ მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდებისთვის, რათა არა მხოლოდ ახალი ინფორმაცია შეეძინათ, არამედ საინტერესო კავშირები დაემყარებინათ და ლიდერობისა და მეწარმეობის უნარები დაეხვეწათ.
ბანაკიდან დაბრუნებული ახალგაზრდა კლიმატის ელჩები, მათ შორის სალომე ნონიაშვილიც, აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით აქტივიზმში და ბევრი საინტერესო პროექტი წამოიწყეს.
„მწვანე ბანაკი ჩემი ფასეულობების, გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზებაა, რომელსაც მონდომებით ვეძებდი.“
სალომე ნონიაშვილი, კლიმატის ელჩი და ონლაინ თამაშის "სურამულა"-ს ერთ-ერთი ავტორი
კლიმატგონივრული თაობა, რომელიც შეცვლის სამყაროს
მწვანე ბანაკის ინიციატორები გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არიან.
2022 და 2023 წლებში, მწვანე ბანაკმა 110 მონაწილეს უმასპინძლა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ახალგაზრდა თაობის განათლებაში კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ.
ახალგაზრდა კლიმატის ელჩების მიერ წამოწყებული ადგილობრივი პროექტები და საინფორმაციო კამპანიები, მაგალითად, სალომე ნონიაშვილის ვირტუალური თამაში „სურამულა“, ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლის საქართველოს საზოგადოებას და საფუძველს უყრის კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობას.
ეს საგანმანათლებლო საქმიანობა UNDP-ის ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.