,,ფიზიკური შრომა ჩვენთვის ბავშობიდანვე კარგად ნაცნობი იყო. წვიმაში, თოვლში, თუ ზაფხულის ცხელ დღეებში - მამას ყოველთვის ვეხმარებოდით მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში”, - ამბობს 35 წლის ვანო კაკაშვილი, ნერგების მწარმოებელი შიდა ქართლში მდებარე სოფელ სკრადან.
გორის მუნიციპალიტეტი, სადაც ვანოს სანერგე მეურნეობაა გაშენებული, საქართველოში ვაშლის, ატმის, მსხლის და მრავალი სხვა ხილის წარმოებითაა ცნობილი. ვანოს სანერგე მეურნეობა კაკაშვილების ოჯახის ტრადიციას განაგრძობს. ის სხვადასხვა ხეხილის ნერგს, აწარმოებს - ძირითადად, ნუშის, რაზეც საქართველოში, ბოლო პერიოდში, მოთხოვნა გაიზარდა. ვანოს თქმით, სოფლის მეურნეობის ტენდენციებსა და მოთხოვნად პროდუქტზე დაკვირვება უაღრესად მნიშვნელოვანია; ფერმერები ახალი კულტურების გაშენებას ცდილობენ და სანერგეებმა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ.
„ვანოს ნერგებმა“ - როგორც ფერმერი თავის მეურნეობას უწოდებს - მუშაობა 2010 წელს დაიწყო. მცირემასშტაბიანი წარმოება - სეზონზე ასი ნერგი - ვანომ ფართომასშტაბიან მეურნეობად აქცია - ახლა ასობით ათას ნერგს აწარმოებს.
”მე და ჩემმა ძმამ გავაგრძელეთ ბაბუასა და მამის დაწყებული საქმიანობა, რომლებიც მცირე რაოდენობით ნერგს აწარმოებდნენ. მათ საქმიანობას სამოყვარულო სანერგე მეურნეობას დავარქმევდი. მინდოდა, რაღაც უფრო დიდი და პროდუქტიული გამეკეთებინა”, - ამბობს ვანო. საოჯახო ბიზნესში ასევე ჩართულია ვანოს ძმაც - ალექსანდრე.
ძმები კაკაშვილები ამბობენ, რომ ბიზნესისთვის ნერგების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამაში იყენებს ვანო იმ განათლებას, რომელიც ჯერ თბილისში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი - გერმანიაში მიიღო.
”ქართულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რომ მიაღწიოს ევროპულ სტანდარტებს, ისეთს როგორიც გერმანიის სოფლის მეურნეობაშია. ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი და ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა, ეს აქ, ჩვენს ნაკვეთზე დაიწყოს“, - ამბობს ვანო.
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, ქართული ნერგების მწარმოებლებმა 2024 წლიდან წარმოების ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ეს მოთხოვნები დაარეგულირებს იმპორტსა და ექსპორტს და სანერგე მეურნეობის სექტორის სამართლებრივ სტაბილურობას უზრუნველყოფს. კონტროლს დაექვემდებარება უხარისხო ნერგის იმპორტიც და უხარისხო ნერგის ადგილობრივი წარმოებაც.
ვანოს სანერგე მეურნეობა ერთ-ერთი პირველია ქვეყანაში, რომელიც 2024 წელს არ ელოდება და ნერგების ევროპული სტანდარტების შესაბამის წარმოებას იქამდე იწყებს, ვიდრე ის სავალდებულო გახდება.
”ეს არ არის ადვილი - ახალი სტანდარტები ეხება ყველაფერს, მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების კონტროლით დაწყებული, ნერგებს შორის შესაფერისი დისტანციის დაცვით დამთავრებული. ღირს ამის გაკეთება, რადგან შეგვიძლია გარანტირებულად უზრუნველვყოთ ხარისხი მომხმარებელისთვის საქართველოს მასშტაბით და, შესაძლოა, საზღვრებს გარეთაც“, - ამბობს ალექსანდრე, ვანოს ძმა და ბიზნესპარტნიორი.
ვანო თვლის, რომ ახალი სტანდარტების დანერგვას შეუძლია საქართველოში ხილის წარმოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესოს. „გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში იმპორტირებული ნერგების უმეტესობა ცუდი ხარისხისაა, რაც, შედეგად, უხარისხო პროდუქტს იძლევა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ, საქართველოში, მაღალი ხარისხის სანერგეების არსებობა, რათა შემცირდეს იმპორტირებულ ნერგებზე დამოკიდებულება და ფერმერებს საუკეთესო სანერგე მასალა შევთავაზოთ“, - ამბობს კაკაშვილი.
გარდამავალი პროცესის გასაადვილებლად, კაკაშვილების ოჯახმა საქართველოს თესლის მწარმოებლებისა და სანერგე მეურნეობების ასოციაციაში (GEOSSA) გაწევრიანება გადაწყვიტა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში სათესლე და სანერგე მასალების მწარმოებლებს აერთიანებს. იგი 2021 წელს დაარსდა, ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მაღალი ხარისხის სათესლე და სარგავი მასალის წარმოებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის დანერგვას.
”მე აგრონომი ვარ, ისევე, როგორც მამაჩემი, მაგრამ ამ სფეროში ვერასდროს ამოწურავ სასწავლ თემებს. საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობა, GEOSSA და FAO–ს საშუალებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეურნეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, - ამბობს ვანო, - ტექნიკური გამოცდილების გარდა, FAO 2021 წელს დაგვეხმარა თესლოვანი ხეხილის საძირეების მოწოდებით“.
„ევროკავშირი და FAO, ამ პროექტის ფარგლებში, „ვანოს ნერგების" მსგავსად, მხარს უჭერენ სხვა სანერგე მეურნეობებს, რათა აწარმოონ ხარისხიანი, სერტიფიცირებული ნერგები. ფერმერები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ შეძენილი ნერგები დაავადებებისგან თავისუფალი და სათანადო ჯიშისაა. ჩვენ განვაგრძობთ სანერგე მეურნეობების მხარდაჭერას, რათა მათ უკეთესი პროდუქტი მიაწოდონ ქართველ ფერმერებს“, - განმარტა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს კოორდინატორმა.
ბიზნესს არასოდეს აკლია გამოწვევები და „ვანოს ნერგებმა“, ისევე, როგორც აგროსექტორის სხვა წარმომადგენლებმა, 2020 წელს დაწყებული, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეები უნდა გადალახოს. ამ პერიოდში შემცირდა გაყიდვები, სატრანსპორტო და სავაჭრო შეზღუდვებმა მუშახელის პოვნა და პროდუქტის მიწოდება გაართულა. ბევრ მწარმოებელს წარმოების შენარჩუნების ფინანსური შესაძლებლობაც არ გააჩნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გაფართოებასა თუ მეტი ნერგის ყიდვაზე. თუმცა, ამ პროცესმა ვერ შეაჩერა კაკაშვილების ოჯახი: ისინი წარმოების გაუმჯობესებაზე ზრუნვას პანდემიის დროსაც განაგრძობდნენ.
”სხვა გზა არ არსებობს - წარმოების ხარისხი უნდა გაიზარდოს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. როდესაც ხალხი ყიდულობს ნაკლებს, მათ სურთ, შეიძინონ ხარისხიანი და გარანტირებული პროდუქტი და ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა,“ - ამბობს ვანო.