გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
05 ივნისი 2024
წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღის თემაა „მიწის აღდგენა, გაუდაბნოება და გვალვისადმი მდგრადობა“.
კაცობრიობის არსებობა მიწაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში დაბინძურების ტოქსიკური კოქტეილი, კლიმატური ქაოსი და ბიომრავალფეროვნების განადგურება ჯანსაღ მიწებს უდაბნოებად, ხოლო ეკოსისტემებს მკვდარ ზონებად აქცევს. შედეგად ნადგურდება ტყეები და სავარგულები, იფიტება ნიადაგი, რომელიც საჭიროა ეკოსისტემების, სოფლის მეურნეობისა და თემების მხარდასაჭერად.
ეს გულისხმობს მოსავლის შემცირებას, წყლის წყაროების განადგურებას, ეკონომიკის შესუსტებას და თემებისთვის საფრთხის შექმნას, სადაც ყველაზე დიდ დარტყმას ღარიბი მოსახლეობა იღებს. მდგრად განვითარებას ზიანი ადგება და ჩვენ სახიფათო ციკლის მახეში ვართ გაბმული – ნახშირორჟანგის ემისიების 11% სწორედ მიწათსარგებლობას უკავშირდება, რაც ჩვენს პლანეტაზე დათბობას იწვევს. სწორედ ახლაა გათავისუფლების დრო.
ქვეყნებმა ყველა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულონ, რათა აღადგინონ დეგრადირებული ეკოსისტემები და ნიადაგი; მათ უნდა განახორციელონ კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს ყველა პუნქტი; გარდა ამისა, უნდა გამოიყენონ კლიმატის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმები, რათა განსაზღვრონ, როგორ შეაჩერონ გაუტყეურება და 2030 წლისთვის შესაბამისი ზომები მიიღონ ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ. ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება, რათა მათ შეძლონ ექსტრემალურ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია, ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარება.
უმოქმედობა ძვირად დაგვიჯდება, ხოლო მყისიერ და ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ეკოსისტემის აღდგენაში ინვესტირებულ თითოეულ დოლარს ეკონომიკური მოგების სახით 30 დოლარამდე მოაქვს.
ჩვენ ვართ „თაობა, რომელიც აღადგენს“. მოდი ერთად ავაშენოთ მდგრადი მომავალი მიწისთვის და კაცობრიობისთვის.