გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში კახეთის რეგიონს ეწვია
ვიზიტის ფარგლებში, გაეროს მუდმივი კოორდინატორი გაეროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებს გაეცნო
5-6 აგვისტოს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი კახეთის რეგიონს ეწვია.
კახეთის რეგიონში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, დიდიე ტღებიუკის ვიზიტი თელავის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული პარტნიორობის მთავარი ასპექტები, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ჯანდაცვის, განათლებისა და ქალთა გაძლიერების საკითხებს.
Photo: © Gela Bedianashvili/UN
Photo: © Gela Bedianashvili/UN
თელავში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ეწვია კომპანია „ლლ პლასტს“, რომელიც მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯების წყალობით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია კახეთის რეგიონში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, კომპანიამ პლასტმასას ნარჩენის გადამუშავებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა შეიძინა, დანერგა მეორადი ცელოფნის გადამუშავება და ყოველთვიურად, 30 ტონამდე პლასტიკურ ნარჩენს აგროვებს და გადაამუშავებს.
Photo: © Gela Bedianashvili/UN
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, დიდიე ტღებიუკმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ, გერმანიაში მოღვაწე მწერალ ნინო ხარატიშვილთან ერთად გახსნეს„თანასწორობის კუთხე“ წნორის ,,ცოდნის კაფეში“, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. ახალგაზრდებთან შეხვედრას მოდერაციას უწევდა გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია.200-ზე მეტი წიგნი თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ შევმატეთ ,,ცოდნის კაფეს“.
Photo: © Dina Oganova/UNFPA
6 აგვისტოს იგი ახმეტაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს ეწვია. სტუმრობისას ცენტრის წარმომადგენლებმა მას ცენტრის მუშაობის პრინციპები გააცნეს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, რომელიც 2023 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით გაიხსნა, უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ სერვისს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირებისთვის და უწევს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ, სამედიცინო და სამართლებრივ დახმარებას.
Photo: © Gela Bedianashvili/UN
გაეროს მუდმივი კოორდინატორი დუისის საგანმანათლებლო ცენტრში პანკისელ ქალებს შეხვდა და მათ გამოცდილებებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ როგორც საგრანტო, ისე საგანმანათლებლო პროექტებში, და ამჟამად აქტიურად მონაწილეობენ გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირების პროცესში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოციალური მობილიზაციის კომპონენტს წარმოადგენს.
Photo: © Gela Bedianashvili/UN
ახალგაზრდების ჩართულობისა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების ჩართულობა, ადამიანის უფლებები და სხვა. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) ორგანიზებით, შეხვედრა ახალგაზრდებთან გაიმართა ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრში, პროექტის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) პარტნიორობით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.