ერთად მდგრადი პროგრესისთვის
გაეროს 2025 წლის წლიური ანგარიში ასახავს პარტნიორობით, გამძლეობითა და მდგრადი განვითარების გზაზე მიღწეული ერთობლივი წარმატებების წელს.
გაეროს 2025 წლის წლიური ანგარიში ასახავს წელს, რომელიც პარტნიორობით, გამძლეობითა და მდგრადი განვითარების გზაზე მიღწეული ერთობლივი წარმატებებით გამოიხატა. ეს წელი ასევე იყო 2021–2025 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების დასკვნითი ეტაპი — ხუთწლიანი პარტნიორობის, რომელიც საქართველოსა და გაეროს შორის ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ქვეყნის მასშტაბით ინკლუზიური, ყოვლისმომცველი განვითარების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული.
იმ პირობებში, როდესაც საქართველო აგრძელებდა ეკონომიკურ ცვლილებებთან, სოციალურ ტრანსფორმაციასა და რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავებას, გაერო მჭიდროდ თანამშრომლობდა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ თემებსა და განვითარების პარტნიორებთან, რათა ყველასთვის სამართლიანი და სტაბილური შესაძლებლობები შეექმნა.
ანგარიშის შესავალში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, დიდიე ტრებიუკმა, 2025 წელი აღწერა, როგორც „გადამწყვეტი პერიოდი საქართველოსა და გაეროს შორის პარტნიორობისთვის“. მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობის, ღია დიალოგისა და ინკლუზიური განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა გაეროს, როგორც სანდო პარტნიორის როლი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს აერთიანებს პრობლემების გადასაჭრელად და ერთობლივი ქმედებების მხარდასაჭერად.
დოკუმენტი მიმოიხილავს 2021–2025 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, განსაკუთრებით დემოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებების, სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სფეროებში. წლის განმავლობაში გაეროს სააგენტოები მხარს უჭერდნენ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.
მმართველობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ მთავარ პრიორიტეტებად რჩებოდა. პროგრამები ფოკუსირებული იყო ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობასა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობაზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტები და საჯარო უწყებები ერთობლივად მუშაობდნენ გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების, ჩართულობის გასაზრდელად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ძლიერი ინსტიტუტები აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილურობის, საზოგადოებრივი ნდობისა და ინკლუზიური განვითარებისთვის.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გაეროს საქმიანობის ცენტრალურ ნაწილად დარჩა. მოშორებულ რეგიონებსა და მოწყვლად თემებში გაეროს სააგენტოები მხარს უჭერდნენ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემების სრულყოფას. ინკლუზიურმა და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებმა ხელი შეუწყო იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, ქალები და მარგინალიზებული ჯგუფები ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყვნენ. ეს ძალისხმევა ასახავდა გაეროს მტკიცე ერთგულებას მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებისადმი.
გასულ წელს ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. გაერო მხარს უჭერდა მეწარმეობას, ინოვაციებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რათა ეკონომიკურ ზრდას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალური, პოზიტიური გავლენა მოეხდინა. ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტრანსფორმაცია და მწვანე ბიზნესის მხარდაჭერა მრავალი პროგრამის პრიორიტეტად იქცა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოწყვლად და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს. მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით გაერო ხელს უწყობდა სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას, საარსებო წყაროების შექმნასა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. ძალისხმევა მიმართული იყო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ღირსების, სოციალური ჩართულობისა და მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველყოფისკენ. მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ეს ინიციატივები მიზნად ისახავდა ნდობის აღდგენასა და თემების მედეგობის განმტკიცებას.
ამავდროულად, გაერო კვლავ უწევდა პარტნიორობას საქართველოს გარემოსდაცვითი და კლიმატური მიზნების მიღწევაში მწვანე განვითარების ინიციატივებისა და კლიმატის პოლიტიკის ხელშეწყობის გზით. ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვიდან დაწყებული, კლიმატისადმი მედეგობისა და მწვანე ტრანზიციის პროგრამების ჩათვლით, გარემოსდაცვითი მდგრადობა სულ უფრო მეტად დაუკავშირდა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. კლიმატის პოლიტიკის, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერა ასახავდა საქართველოს მზარდ მზაობას ეკოლოგიური განვითარების გზაზე.
2025 წელს გაეროს სისტემის მხარდაჭერით მიღწეული მთავარი შედეგები:
- ამბიციური კლიმატური ვალდებულებები: საქართველომ მიიღო დღემდე ყველაზე ამბიციური კლიმატური ვალდებულება ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) ფარგლებში და 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიების შემცირების მიზნობრივი მაჩვენებელი 1990 წლის დონესთან შედარებით 35%-იდან 47%-მდე გაზარდა.
- სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება: სფეროს მართვა დაიხვეწა „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის შესახებ“ კანონის მიღებით, ასევე სურსათის უვნებლობის ახალი სტრატეგიისა და სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის დამტკიცებით.
- სამართლებრივი და სტრატეგიული რეფორმები: განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადრეული ქორწინების პრევენციის, მშობელთა შვებულების პოლიტიკის გაძლიერების, გენდერულად მგრძნობიარე და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული ბიუჯეტირების გაფართოებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჯამში, 1,511-მა მოწყვლადმა პირმა ისარგებლა უფასო იურიდიული დახმარებით.
მიღწევებისა და პოლიტიკური რეფორმების მიღმა, ანგარიშის ყველაზე დიდ წარმატებად შესაძლოა თავად მრავალმხრივი თანამშრომლობა ჩაითვალოს. წლის განმავლობაში გაეროს 21-ზე მეტი სტრუქტურა პარტნიორობდა საქართველოს მთავრობასთან, მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, განვითარების პარტნიორებსა და კერძო სექტორთან.
ახალი, 2026–2030 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულებაც ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ნებას, რომ მომავალი განვითარების ძალისხმევა იყოს უფრო ინკლუზიური, მონაწილეობითი და ადამიანების რეალურ საჭიროებებზე მორგებული.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მყარი პარტნიორობა და ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მდგრადობისადმი უწყვეტი ერთგულება კვლავაც გადამწყვეტი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს განვითარების გზაზე არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.